ახალციხის რაიონული სასამართლო ასპინძაში მეზობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საქმეს, სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით იხილავს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. საქმეში ბრალდებულად ცნობილი იეჰოვას მოწმე მზია გელაშვილია, დაზარალებული კი მართლმადიდებელი ნანა კაპანაძე. (ბრალდებულისა და დაზარალებულის სახელები და გვარები შეცვლილია "ს.კ")
შემთხვევა მიმდინარე წლის 3 ივლისს მოხდა, თუმცა მხარეებს შორის ვითარება მანამდე დაიძაბა. როგორც ბრალდებული გელაშვილი ამბობს, რადგან იგი იეჰოვას მოწმეა, ნანა კაპანაძემ მასთან მეზობლად გადასვლისთანავე აითვალწუნა და ამის გამო შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა.
"სულ მავიწროვებდა. გზაზე მისი შიშით ვერ გაივლიდი. მეჩხუბებოდა, შენი ძაღლი წიწილებს მიჭამსო. იმ დღესაც სახლში ვიყავი, კივილით მოვარდა, ხმაურზე მე და ჩემი ქმარი გარეთ გამოვვარდით. ხელში წიწილა ეჭირა. ვუთხარი, ხომ ხედავ ძაღლი აბია და ტყუილად ნუ ჩხუბობ-მეთქი", - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში.
მისი თქმით, ნანა კაპანაძემ ეზოში დაგდებული რკინა ხელში აიღო და ყვირილით სახლშიც შევარდა: "მერე ეს რკინა ძაღლს ესროლა და ლამის ბავშვს მოარტყა ფეხებში. მე თმით მითრია და ამიტომ 112-ზე დავრეკე. მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია".
მომხდარს სხვაგვარად ყვება ნანა კაპანაძე. მისი თქმით, ახალმოსული მეზობელი მას გადმოსვლის დღიდან ავიწროებს: "რვა თვეა შემჭამა. იმ დღესაც მე არ დამირტყია, თვითონ დამარტყა და ყველაფერი მაკადრა. მერე იმდენი ქნა, რომ თმებიც თვითონ ამოიგლიჯა, ვითომ მე მოვგლიჯე და 112-ზეც თვითონ დარეკა, რომ მერე თავი ემართლებინა. მე მხოლოდ უბნის ინსპექტორს დავუკავშირდი, რომ მათაც ეთხოვათ გელაშვილისთვის, ძაღლი დაება".
კაპანაძე ირწმუნება, რომ გელაშვილის ძაღლი არა მხოლოდ მისი, არამედ მეზობლების წიწილებსაც ჭამს. ამის გამო მეზობლებს გელაშვილთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, საქმეში დევს მეზობლების კოლექტიური განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ მათ კაპანაძე ავიწროვებს.
ამას თავად კაპანაძე კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მას მეზობლებთან კარგი დამოკიდებულება აქვს და არც გელაშვილთან მოსვლია კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე: "რა შუაშია იაღოველი და მართლმადიდებელი?! მაგრამ ხომ იცით იაღოველები საქართველოში რას არ კადრულობენ. მაგას იაღოველები იცავენ და ძაღლისა და წიწილისთვის 8 ადვოკატი ჰყავს".
რვა არა, მაგრამ ბრალდებულს ხუთი ადვოკატი იცავს. მათი განცხადებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაპანაძე მიუვარდა გელაშვილს და სცემა, თუმცა გამოძიებამ ეს საქმე გელაშვილის წინააღდეგ შემოაბრუნა.
ადვოკატების განცხადებით, იმისთვის, რომ სამართალდამცავებს ბრალი გაემყარებინათ, ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობელს ჩვენება გამოსძალეს.
ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის რომ ჩვენება არ მიუცია, თუმცა, ის საქმეში მაინც არსებობს, ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მოწმის სახით დაკითხულმა გიორგი გორელიშვილმაც განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ როცა მეზობლებს დავა მოუხდათ, იგი ჯიხურში იყო და რადგან "კლიენტი" ყავდა, კონფლიქტის ადგილას ვერ მივიდა.
გორელიშვილის განცხადებით, შებინდებული იყო, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ: "უფროსის მოადგილე გიორგი კაკაბაძემ წამიყვანა პოლიციაში. იქ დაახლოებით 15-20 წუთი ვიყავი. კომპიუტერში რაღაცა დაწერეს და ხელი მომაწერინეს. ჩემთვის არაფერი უკითხავთ. იქიდან ფეხით წამოვედი".
მისივე თქმით, მეორე დღეს დილით, ისევ მის სამუშაო ადგილზე, ისევ კაკაბაძე მივიდა: "ის რაღაცა წამიკითხეს და იქ ეწერა, გელაშვილმა სცემა კაპანაძეო. არადა არაფერი დამინახავს, როცა ეს ამბავი მოხდა, იქ არ ვიყავი. სანამ წავიდოდა კაკაბაძე, მითხრა, შენ არაფრის შეგეშინდეს, არაფერი იქნებაო".
"ეს არის ჩვენების გამოძალვა. გორელიშვილის ვითომ მიცემულ ჩვენებაში წერია, რომ თითქოს მან 100 მეტრის მოშორებით დაინახა, რა ხდებოდა სარდაფში. არადა ეს აბსურდია. გორელიშვილი იქ მაგ დროს საერთოდ არ ყოფილა", - აცხადებენ ადვოკატები.