39 წლის თეა ბოლქვაძის ცხოვრება ვარიანში მომხდარმა ტრაგედიამ რადიკალურად შეცვალა. წელს, 11 მაისს, თბილისის 72-ე სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გორის რაიონ სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ექსკურსიით სტუმრობდნენ. ვიდრე ბავშვები მუზეუმს ათვალიერებდნენ, მეორე სართულზე მყოფმა მშობლებმა სამახსოვრო ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს მოულოდნელად აივნის მოაჯირი ჩამოინგრა. დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან სამი მშობელი გადავარდა. ორმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო თეა ბოლქვაძე უმძიმესი მდგომარეობით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
გადმოვარდნის შედეგად თეამ მრავლობითი დაზიანებები მიიღო. უკვე შვიდა თვეა ქვედა კიდურებს ვერ ამოძრავებს. დამოუკიდებლად საწოლში გადაბრუნებაც კი არ შეუძლია. იმისათვის, რომ თეამ თუნდაც ეტლში გადაჯდომა მოახერხოს და დამოუკიდებლად თავის მოვლა შეძლოს, საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება. "საქართველოში შესაძლოა ამ სპეციალისტების ცალ-ცალკე მოძიება, მაგრამ არ არსებობს სტაციონარი ან ამბულატორია, სადაც ეს გუნდი სრულყოფილია და კოორდინირებულად მუშაობს, რის გამოც მიზანშეწონილია ამ ტიპის პაციენტების რეაბილიტაციური მკურნალობა საზღვარგარეთ."- ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის დასკვნაში. თეას ოჯახს ეკონომიურად უჭირს და ძვირადღირებული სარეაბილიტაციო კურსის სახსრები არ გააჩნია. მას მეუღლე და ერთი შვილი - 7 წლის ლუკა ჰყავს. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი სწორედ თეა იყო. ის გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობდა.
თეას პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და პენსია - 150 ლარი დაუნიშნეს, ამას ემატება დედის პენსია. სულ ეს არის მათი ოჯახის შემოსავალი. ოჯახის წევრები მარტოდ მაქსიმუმ 2-3 საათით თუ ტოვებენ. ამჟამად, თეა სპორტული მედიცინის ცენტრში ვარჯიშის კურსს კეთილი ადამიანების დახმარებით გადის. ამბობს, რომ წყალში ვარჯიშისას ფეხები ოდნავ აამოძრავა...