ნატუკა გულისაშვილი არ მიეკუთვნება იმ მსახიობების რიგს, რომელსაც შეუძლია, სიგამხდრით დაიკვეხოს. როგორც მასზე მეგობრები ამბობენ, პუტკუნა და საყვარელია. თავად ნატუკას ეს სულაც არ ანაღვლებს...
პირიქით - საკუთარი სხეულის ფორმები მოსწონს და ფიქრობს, რომ პოპულარობას სწორედ ამას უნდა უმადლოდეს... ნატუკას ახალი წლის წინ შევხვდი და გემოვნებაზე ვესაუბრე.
- ახალი წელი ძალიან მიყვარს. ჩემს ასაკშიც კი ამ დროს სასწაულს ველოდები. ცოტა სენტიმენტალურიც ვხდები. ახალი წელი ჩემთვის, სიახლესთან ასოცირდება.
- ამ დღესასწაულისთვის როგორ ემზადები, საახალწლო სუფრაზე შენს ოჯახში რომელი საჭმელი უნდა იყოს აუცილებლად?
- სხვა დროს საცივს არ ვამზადებ - მასუქებს... ამბობენ, რომ ძალიან კარგი მზარეული ვარ. ახალი წლისთვის დედაჩემს მოაქვს პროდუქტები და მე ვამზადებ. დედა დამხმარეა, მე - შეფ-მზარეული. პატარა რომ ვიყავი, პირიქით იყო, ახლა როლები გავცვალეთ.
- ალბათ ამ საახალწლო დღეებში წონაშიც მოიმატებ, არა?
- აუცილებლად. რამდენიმე კილოს მომატება ჩემთვის, საახალწლო საჩუქარია. მერე ისევ ვიკლებ. მარტო მე კი არა, ამ დროს ყველა იმატებს წონაში. მაგრამ თუ კარგ დროს ატარებ, ცეკვავ და ერთობი, ზედმეტი კალორიები იწვება და ბევრს არ იმატებ. ამიტომ ვცდილობ, სადაც უნდა მივიდე ახალ წელს სტუმრად, მარტო ჭამა-სმით არ შემოვიფარგლო და ვიცეკვო კიდეც.
- ბოლო დროს ხშირად გიწვევენ წონასთან დაკავშირებულ თემებზე მომზადებულ გადაცემებში...
- საქართველოში ჩემი თაობის მსახიობებს შორის, ჩემი გაბარიტებისა არავინაა. მიღებულია, რომ მსახიობი გოგო უნდა იყოს თხელი და ცისფერთვალება... ეს ამბავი ჯერჯერობით არ მაწუხებს. პირიქით, ჩემი სახელი თუ რამეს ნიშნავს და თუ პოპულარული ვარ, ალბათ ისევ, ჩემი სხეულის ფორმების "დამსახურებაა".
- აქედან გამომდინარე, ალბათ არასდროს გიფიქრია დიეტაზე, არა?
- გახდომაზე მიფიქრია, მაგრამ ძალიან გამხდარი ვერასდროს ვიქნები. გაძვალტყავებული ქალი ვერასდროს გავხდები და, სიმართლე რომ გითხრა, არც მინდა: ასეთი პუტკუნა დავიბადე და ალბათ მთელი ცხოვრება ასეთი ვიქნები. სხვანაირი ნატუკა ჩემთვის მიუღებელია.
- ფილმში - "მიდიოდა მატარებელი" შენი საყვარელი ულტიმატუმს გიყენებდა: ამბობდა, - 15 კილო მოიკელი და ცოლად მოგიყვანო. ცხოვრებაში მსგავსი რამ ვინმეს თუ უთქვამს?
- ჩემი აზრით, მამაკაცები როდესაც რაღაცის გამო ითრევენ ფეხს, ქალს ულტიმატუმს უყენებენ. ის არასდროს მომიყვანდა ცოლად, თუნდაც იმიტომ, რომ გვერდით უკვე ჰყავდა 15-კილომოკლებული ქალი, მაგრამ არც იმას ირთავდა... ცხოვრებაში მსგავსი ულტიმატუმი არავის წამოუყენებია.
- გამხდარი მამაკაცები უფრო მოგწონს თუ პუტკუნა?
- მომწონს მამაკაცი, რომელიც გაგრძნობინებს, რომ შენ ხარ ქალი და საუკეთესო ადამიანი. წონასა და გარეგნობას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ადამიანს ის ჩვევები არ ჰქონდეს, რაც ჩემთვის მიუღებელია.
- მამაკაცის რა თვისებებია შენთვის მიუღებელი?
- ნარკოტიკებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და აზარტულ თამაშებს არ უნდა თამაშობდეს. მომწონს, როცა მამაკაცს დალევა შეუძლია და სასმელსაც ირგებს; არ მიყვარს, როცა "აპათოლოგებენ". მგონი, ეს თვისებები არც ერთ ქალს არ მოეწონება და გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ. როცა ადამიანი სულიერად ისეთია, როგორიც მინდა, გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. როდესაც მამაკაცს გავიცნობ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მის გამოხედვას. თვალი ადამიანის სულის სარკეა. კაცი რომ გიყურებს, ხვდები, რა უდევს მას გულში და იტყუება თუ - არა. როდესაც ადამიანი კომპლიმენტს მეუბნება, ზუსტად ვხვდები, რატომ მეუბნება. ბევრ ქალს ვიცნობ, რომლებიც მამაკაცს სხვების დასანახავად ირჩევენ: თითქოს ამბობენ, - აი, ნახეთ, ვის გვერდით ვარო!.. ეს მათი ცხოვრებაა. მე ამ ნიშნით არასდროს ავირჩევ მამაკაცს.
- მსახიობი რომ არ ყოფილიყავი, რა სფეროში იმუშავებდი? რა პროფესია მოგწონს ყველაზე მეტად?
- ვოკალური სკოლა მაქვს დამთავრებული. ჩემი მასწავლებელი - ნოდარ ანდღულაძე იყო. ვიზარმაცე და ვოკალს არ გავყევი. შეიძლება, თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები მქონდა. მაგრამ სიყვარული მეწვია, გავთხოვდი და ბავშვი გავაჩინე... თავიდან რომ ვირჩევდე პროფესიას, მსახიობობას თავს არ დავანებებდი, მაგრამ ვოკალსაც აუცილებლად გავყვებოდი. ჩემთვის ოპერა დღემდე, მაცოცხლებელი რამაა. მომწონს ჟურნალისტიკაც. ტექნიკური საგნებისგან ძალიან შორს ვარ.