საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, "თავდაცვის სამინისტროს განცხადების პოლიტიკური აქცენტები მთლად კორექტული არ არის".
ამის შესახებ ქუცნაშვილმა "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"მე ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს განცხადების პოლიტიკური აქცენტები მთლად კორექტული არ არის. ეს არის ჩემი მოკლე განცხადება", - აღნიშნა ქუცნაშვილმა. დეპუტატი არ აკონკრეტებს, თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული განცხადების გამო უნდა დადგეს თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.