უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
"სამარცხვინო განცხადება! სიტყვებიც არ მყოფნის! რას აკეთებთ, რას? ჩრდილოეთ კორეას დაემგვანებით ეგრე! დაემგვანებით და გადაასწრებთ! სხვას ვებრძოდით ჯარის პოლიტიზებაზე! უარესს სჩადიხართ? გამოფხიზლდით! ერთი დღით ნუ ცხოვრობთ! შვილების წინაშე შეგრცხვებათ!", - წერს პეტრიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული
ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: თავდაცვის მინისტრი მოღალატე და გარეწარია -ირმა ნადირაშვილი