2014 წლის 16 დეკემბერს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მოგვმართა საქართველოს მოქალაქე გია დალაქიშვილის ოჯახის წევრმა, რომლის განმარტებითაც 13 დეკემბერს, ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები საცხოვრებელი შენობის სადარბაზოს შესასვლელთან დახვდნენ პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულ გია დალაქიშვილს, სასტიკად სცემეს და მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები, - აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც საკუთარ საიტზე სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ავრცელებს.
"გია დალაქიშვილის მეზობლების განმარტების თანახმად, 13 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მათი ყურადღება ხმაურმა მიიპყრო, რომელიც ყვირილსა და დახმარების თხოვნაში გამოიხატებოდა. მათ დაინახეს ძირს დაგდებული თავიანთი მეზობელი გია დალაქიშვილი, რომელსაც "კოკა-კოლის" ბოთლი ჰქონდა "ჩახუტებული" და რომელსაც ორი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი გამეტებით ურტყამდა თავის არეში. თვითმხილველი მეზობლების თქმით, გია დალაქიშვილი მხოლოდ შველას ითხოვდა, იგი პოლიციელების მიმართ აგრესიულ ქმედებებს არ ახორციელებდა. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, მეზობლების მხრიდან ფაქტის არაზუსტი იდენტიფიცირება მოხდა, კერძოდ, მათ მიიჩნიეს, რომ მოძალადეები რიგითი მოქალაქეები იყვნენ და დახმარების აღმოსაჩენად გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელთა მოსვლის შემდეგაც დადგინდა, რომ ძალადობრივი აქტის განმახორციელებელი პირები ვაკის რაიონის გამომძიებლები იყვნენ.
მიუხედავად არაერთი ფაქტობრივი მონაცემის არსებობისა, დღეს პატიმრობაში იმყოფება სავარაუდოდ პოლიციელების ქმედებების შედეგად დაზარალებული, პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებული გია დალაქიშვილი, რომელსაც ბრალად წაეყენა სისხლის სამართლის კოდექსის 353'-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. გ. დალაქიშვილს დღემდე არ ჩატარებია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მისი სხეულის დაზიანებების იდენტიფიცირებას მოახდენდა, ასევე, არ დაწყებულა პირის ფსიქიკური ექსპერტიზის პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნით დგინდება, რომ გია დალაქიშვილს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვს. სავარაუდოდ ძალადობის განმახორციელებელი პირების მიმართ კი დღემდე არ მომხდარა შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრელებულ სტატიაში.
Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება და სამინისტროს კომენტარს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.