22 დეკემბერს, "ნიჭიერის" მესამე ნახევარფინალი გაიმართება. კონკურსანტებს შორის იქნება გოჩა ჭაბუკაიძეც, - მედავითნე, რომლის ნამღერმა ქართველ მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც მთავარია, ერთსულოვნად. ნახევარფინალისთვის გოჩა ჭაბუკაიძე ლუი არმსტრონგის ცნობილ ჰიტს, What a Wonderful World-ს შეასრულებს, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით. რაც მთავარია, ბატონი გოჩა სიმღერას საკუთარ სამი თვის შვილიშვილს საქვეყნოდ უმღერებს. სკაიპის პაპა ვარო, ამბობს. საფრანგეთში გათხოვილი ქალიშვილი მას წლებია, არ უნახავს. შესაბამისად, არც შვილიშვილს იცნობს.
- ბ-ნო გოჩა, როდის აპირებთ თქვენი შვილის და შვილიშვილის ნახვას?
- ბავშვი ძალიან პატარაა, ამიტომ ფრენა არ შეიძლება. მე ჯერ არ მაქვს ამის საშუალება. თუ შევძლებ მატერიალურად, აუცილებლად ჩავალ და მოვეფერები ჩემს უნახავ შვილიშვილს. რა უცნაურია, ყველაზე დიდ ბედნიერებას ვეღირსე და ხელით შეხება არ შემიძლია, სკაიპის პაპა ვარ.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება "ნიჭიერში" ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ?
- ოოო, ყველაფერი შეიცვალა. საზოგადოებრივ ტრანსპოტრშიც კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ავდივარ. ადამიანები ჩემს მიმართ უდიდეს სითბოს გამოხატავენ. არ მინდა, რომელიმე მათგანის ღიმილი მაინც გამომეპაროს. ყველას ვემადლიერები გამოხატული სითბოს და სიყვარულის გამო. სხვათა შორის, ბევრი მწერს ფეისბუქზეც. ყველას ვპასუხობ. ერთ-ერთმა კი ძალიან უცნაური ტექსტი მომწერა: ბატონო გოჩა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მთელს ჩემს ოჯახს განდობთ, ისეთი მაღალი სულიერებით და ადამიანურობით იმღერეთო. ძალიან გამიხარდა. მოგვიანებით, ეს ადამიანი სრულიად შემთხვევით გავიცანი პირადად. თვითონვე გამომეცნაურა, რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ძალიან მაბედნიერებს. მადლობა ყველას ამდენი სიყვარულისთვის.
სალომე სიხარულიძე, Ambebi.ge