ახალი წელი კარს მოგვადგა. ეს დღესასწაული განსაკუთრებით პატარებს უხარიათ, რადგანაც ბევრ სიტკბოსთან და საჩუქართან არის დაკავშირებული. საჩუქრებს და სურპრიზებს კი თოვლის ბაბუასგან ელიან, რომელსაც ახალი წლის მოსვლამდე ვრცელ წერილებს სწერენ.
ჩვენ რამდენიმე ცნობილ ადამიანს შევეხმიანეთ კითხვით, თუ რა წერილი მისწერეს შვილებმა თოვლის ბაბუს.
კოტე თოლორდავა, მსახიობი:
- თოვლის ბაბუას მე ვწერ ახლა წერილებს (სიცილით ამბობს), - ბავშვები მკარნახობენ და ისე. ბუკას, ჩემს უფროს შვილს, უკვე იმხელაა, რომ ნაკლებად სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის, თარაშმა, რომელიც 2 წლის არის, არ იცის წერილი როგორ მისწეროს. აი, ტასო კი 6 წლის არის და მაგ საკითხით ძალიან დაინტერესებულია. სწამს ამ ყველაფრის და სჯერა, რომ თოვლის ბაბუა სურვილებს აუსრულებს. თან, ისეთ რაღაცებს ამბობს, - უნდა, რომ მასთან უფრო მეტ დროს ვიყო, ყველანი ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდეთ, - მშობლებიც, ბებიებიც, ბაბუებიც, რაღაც ასეთი ბედნიერი სურვილები აქვს, ასევე უნდა "სამაკატკაც". მინდა, რომ მას ყველა სურვილი აუსრულდეს.
- მისწერა სანდრომ თოვლის ბაბუას წერილი?
თამუნა მუსერიძე, ტელერადიოწამყვანი:
- კი და წელს ცუდ დღეში ვარ.
- რატომ?
- ბავშვმა ბევრი საჩუქარი ითხოვა. ათასი ცალი "ლეგოს" სათამაშო, რეინჯერების ნაკრები და ოქროს თევზი.
- მერე?
- ვფიქრობთ ალტერნატივაზე, მაგრამ ჯერჯერობით უკან არ იხევს და ვნახოთ.
- ოქროს თევზზე რა უნდა ქნა?
- ოქროსფერ თევზს ვიყიდი (სიცილით ამბობს).
ანი გიუნტერი, ჟურნალისტი: - კი, დაწერეს წერილები. ლაზარეს თოფი უნდა.
მაშოს - საექიმო სათამაშოები, - ვინმეს ექიმი რომ დასჭირდეს და მოარჩინოს. ასევე უნდა თოჯინა.
გაგიკვირდებათ და არამატერიალური სურვილიც გაუჩნდა:
ყველა ერთად რომ იყოს: ბებო, ბაბუ, ლაზარე, დედა, მამა და მე. ჩემთან ბევრი ბევრი მეგობარი რომ მოდიოდესო. ლაზარემ თქვა, - მე კარგად ვიქცევი, ყველას ვუჯერებ და თოვლის ბაბუას სმს-ი მისწერეო და წერილი დამაწერინა. უფრო სწორად ჩემი დახმარებით დაწერა და ბაბუასთან გაგზავნა.
ხატია სიჭინავა, ჟურნალისტი:
- ჩემმა ბავშვებმა ჯერ წერა არ იციან, პატარები არიან, მაგრამ უფროსმა თოვლის ბაბუასთან ფისო დაგვაბარა, შუათანამ კი - აიპოდი...
სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:
- მართალია, ჩემი გოგონა იმ ასაკში უკვე აღარ არის, რომ თოვლის ბაბუას წერილი მისწეროს, სამაგიეროდ, მე მწერს მესიჯებს.
- რა უნდა?
- ახალი ლეპტოპი.
- მერე დედიკო რას ფიქრობს?
- მამიკოს ეტყვის და ამ სურვილს ავასრულებთ. მარი ამას ნამდვილად იმსახურებს.
- ანუ კარგი მოსწავლეა?
- კი, კარგად სწავლობს.
თიკა ჯამბურია, მომღერალი:
- ნინამ ამ საახალწლოდ ბევრი რამ ისურვა. იმდენი რაღაც ჩამაწერინა ფურცელზე, რომ რა გითხრათ. თან, ისე მონდომებით მკარნახობდა, რომ...
ლალი ფაცია