თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში ნაპოვნი გარდაცვლილი ნატო კვეზერელის მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს სახლთან სათვალთვალო კამერა ჰქონდა დაყენებული და უცხოს კარს არ გაუღებდა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარდაცვლილის მეზობლებმა განაცხადეს, აქვთ დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სახლის აბაზანაში ნაპოვნ ქალს ცივი იარაღის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება.
მეზობლების თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარდაცვლილის სახლიდან უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერა, რომელიც ნატო კვეზერელს ოჯახს უკვე დიდი ხანია დაყენებული აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი, როგორც მეზობლები ამბობენ, ოჯახის ავტომობილის გაქურდვა იყო. შეინიშნებოდა თუ არა გარდაცვლილის სახლში ძარცვის კვალი, მეზობლები ამაზე ვერ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეკონომიურად საშუალო დონის ოჯახი იყო და ძვირად ღირებული ავტომობილები ჰყავდათ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილი ქალის ვაჟიც დაკარგულია, მეზობლების თქმით, ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნატო კვეზერელის შვილი ფოთში უცხოეთიდან გამოგზავნილი ავტომობილის დასახვედრად იყო წასული. თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, შვილთან კონტაქტი ვერ ხერხდება.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 55 წლის ნატო კვეზერელი საკუთარ სახლში, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მას ყელის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.