თემურ არაბიძის ტრაგედიით აღსავსე ცხოვრების დეტალები - "ღმერთმა ანგელოზი მომივლინა სანდრა რულოვსის სახით"

თემურ არაბიძის ტრაგედიით აღსავსე ცხოვრების დეტალები - "ღმერთმა ანგელოზი მომივლინა სანდრა რულოვსის სახით"

24 წლის თემურ არაბიძე თერჯოლიდან გახლავთ. 9 წლის განმავლობაში ცეკვავდა რაიონის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ''იმერეთი''. მსახიობობა სურდა, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა - თემური შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა ეტლს მიაჯაჭვა. ცეკვისადმი სიყვარულის გამო თემურმა ყველაფერი გააკეთა სცენაზე დასაბრუნებლად.

''ნიჭიერში'' მისი და ქეთი ზაზანაშვილის დუეტმა მაყურებელი შოკში ჩააგდო. ნომერი იმდენად ეფექტური და იმავდროულად გულისამაჩუყებელი გამოდგა, ქეთი და თემური მაყურებლის ფავორიტები გახდნენ და ფინალში საპატიო ადგილები დაიკავეს. ჩვენ წყვილს სარეპეტიციო დარბაზში ვესტუმრეთ.

თემო:

- სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში სამეჯლისო და სპორტული ცეკვები დიდად არ მიზიდავდა, ქართულ ქორეოგრაფიას ვეუფლებოდი, 9 წლის განმავლობაში ვცეკვავდი ანსამბლ ''იმერეთში''. მიყვარს ცეკვა. მსახიობობა მინდოდა, მაგრამ 19 წლის ასაკში ავარიაში მოვყევი და ყველაფერი თავდაყირა დადგა. 30 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში გადავცვივდით. მახსოვს სიბნელე. თურმე ჩვეულებრივად ვლაპარაკობდი, მაგრამ მე არაფერი მახსოვს. ყბა-სახისა და ხერხემლის მრავალმხრივი მოტეხილობა მქონდა. ექიმების დაუდევრობის გამო, სისხლი ფილტვებში გადამივიდა და კომაში ჩავვარდი. 15 დღის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ვიყავი. ჩემი გადარჩენის მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობდა. კომიდან გამოვედი. სამი ოპერაცია გავიკეთე. ერთი - ყბა-სახეზე ქუთაისში, რომელიც სწორად არ გაკეთდა და ორი თბილისში, ყბა-სახესა და ხერხემალზე. ორი თვის განმავლობაში საჭმელი არ მიჭამია. თხევად საკვებს ვიღებდი. 2010 წელს თბილისში, სახელმწიფო დაფინანსებით გავიარე რეაბილიტაცია, სახელმწიფომვე დამიფინანსა რეაბილიტაცია ყირიმში. იქ მკურნალობის შედეგად ფეხებში გრძნობა დამიბრუნდა, მოძრაობაც შევძელი.

- ალბათ, ეს შენთვის ფსიქოლოგიური ტრავმაც იყო, ყველაზე მძიმედ რა გახსენდება ამ წლებიდან?

- ფსიქოლოგიური ტრავმა, რა თქმა უნდა, იყო. ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ყველაზე მძიმე დედაჩემის გარდაცვალება იყო. დედამ ძალიან განიცადა ჩემი ამბავი, ავარიიდან წელიწად-ნახევარში გარდაიცვალა. მამაჩემს ნერვიულობისგან მხედველობა დააკლდა.

- დედმამიშვილები გყავს?

- ერთი და მყავს, რომელსაც დენმა დაარტყა და ოთხი დღე კომაში იყო. ახლა გამოკეთდა, კარგადაა.

- თბილისში ვისთან ცხოვრობ?

- ვცხოვრობ ბინაში, რომელიც ქალბატონმა სანდრა რულოვსმა მიქირავა. ყოფილ პირველ ლედის დედაჩემმა გარდაცვალებამდე წერილი მისწერა. მაშინ იმდენად მქონდა გული აცრუებული ყველაფერზე, ნამდვილად არ მჯეროდა, რომ რაიმე სასწაული მოხდებოდა. ქალბატონი სანდრა თვითონ გვესტუმრა სახლში, თერჯოლაში. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ღმერთმა ანგელოზი მომივლინა ქალბატონი სანდრას სახით.

- რა გააკეთა მან შენთვის?

- ყველაფერი, რასაც დედა გაუკეთებდა საკუთარ შვილს.

- ქეთი როგორ გაიცანი?

ქეთი:

- მე დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთში ვცხოვრობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინდოდა, ჩვენს ქვეყანაში დამენერგა სპორტული ცეკვები, რაც მოვახერხე კიდეც, გავხსენი სტუდია. პირველი ჩემი მეწყვილეც ეტლით სარგებლობდა. შემდეგ ჩემი მეწყვილე რატი იოთამაშვილი პოლიტიკაში წავიდა, დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამცველი გახლავთ, ცეკვას თავი დაანება. სწორედ რატიმ დაგვაკავშირა მე და თემო ერთმანეთს. თემოს მანამდე ნანახი ვყავდი და ყოველთვის უნდოდა ჩემთან ცეკვა. საქართველოში ჩატარდა პოლონეთის მიერ ორგანიზებული საინტეგრაციო ცეკვების ღონისძიება, რაც გულისხმობს წყვილში მოცეკვავე შშმ და შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე პირების გამოსვლას. იქ მე და თემომ ერთად ვიცეკვეთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება