მსახიობ კოტე თოლორდავას, დღის განმავლობაში რამდენიმე სამსახურში უწევს მისვლა. ის ამ მოძრაობას ძალიან შეეჩვია, მაგრამ ამბობს, რომ ცოტა დაიღალა... "პალიტრამედიის" ჰოლდინგში, ტელერადიოპალიტრაში მეუღლეთან ერთადაც მუშაობს, შოუ - "განოსა და კოტეს შუადღის ამბები" მიჰყავს. ის იყო გადაცემა დასრულდა, რომ ჩემი ბლიც-სერიით - "მოულოდნელი კითხვები" მეც დავუკავშირდი.
- სად ხარ და როგორ?
- "ტელერადიოპალიტრაში". ეს წუთია, "განოს და კოტეს შუადღის ამბები" დასრულდა, მაგრამ ახლა სხვაგან გავრბივარ, სულ 5-6 წუთი მაქვს.
- სად გარბიხარ?
- მონოსპექტაკლისთვის ვემზადები, მოზარდმაყურებელთა თეატრში ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი - დიმა ღვთისიაშვილი თამაზ ბაძაღუას (28 წლის გარდაიცვალა) პიესას "ღამე და თუთიყუში" დგამს. საინტერესო პიესაა, ექსპეტიმენტულ სცენაზე კეთდება. ვიმედოვნებ, რომ კარგი გამოგვივა.
- კოტე, გვითხარი, ბოლო-ბოლო ვინ ხარ - ილია ჭავჭავაძე, ბოროტი მანიაკი, ძველი ბიჭი, თუ რადიოწამყვანი?
- მე მსახიობი ვარ, კოტე თოლორდავა, რომლის ბედნიერება, ან პირიქით უბედურებაა ის, რომ ხან წმინდანის თამაში უწევს, ხან ნაძირალა ვარ და ხან - მანიაკი. რაც მეტი როლი მექნება, ეს როგორც მსახიობს, გამოცდილებას შემძენს...
- თითოეული გმირის რაიმე თვისება ხომ არ არის შენში?
- ასე ვერ ვიტყვოდი, მაგრამ თითოეულის რაღაც თვისება შეიძლება აღმოვაჩინო ხოლმე ჩემში, თუმცა არ ვიცი.
- ამ წუთას როგორი განწყობა გაქვს?
- მცხელა. იმდენად, რომ ჰაერი არ მყოფნის, უცნაური განწყობაა ეს. ამ ბოლო დროს უჰაერობა დამჩემდა. სივრცის უკმარისობა მაქვს (სიცილით ამბობს).
- ცხოვრებაში შენთვის ყველაზე რთული რა არის?..
- ბევრი რამ არის რთული, მაგრამ ყველზე რთული? რაღაც სხვაგან წვედი, მაგრამ უცებ მომაგონდა ბანკის ყოველთვიური გადასახადი.
- შენი ბეწვის ხიდი რა იყო და არის?
- ხშირად ჩემი ცხოვრების რაღაც მძიმე ამბებს მახსენებენ ხოლმე. კი, მაგრამ ამ ეტაპზე ის პერიოდი უკვე აღარც მახსოვს... თუმცა ის მართლა მძიმე იყო (ნარკოტიკების მოხმარება იგულისხმება. - ავტ.).
- მერე გადალახე?
- საბოლოოდ გადალახვა მაშინ იქნება, როცა ამ კითხვას აღარ დამისვამენ. რატომღაც კიდევ უჩნდებათ ეს ინტერესი, მკითხონ - აბა, რაღაც კიდევ ხომ არ ხდება?! როგორ არის?
ზოგადად ბეწვის ხიდი კი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგალითად, როლზე მუშაობის დროს, რომ გროტესკში არ გადავარდე, რაც უმნიშვნელოვანესია. ბეწვის ხიდია ისიც, როცა სახლში ძალიან დაღლილი მიდიხარ, იქ ბავშვები გხვდებიან...
- და იქაც როლი გელოდება?
- როლი, რომელიც უნდა შეასრულო უმაღლესად იმიტომ, რომ იქ ისეთი მაყურებლები მხვდება, რომ არაფერს გაპატიებს.
- კინო, თეატრი, ტელევიზია და კიდევ ბევრი სამსახური - რომელია შენთვის კომფორტული?
- ჩემი საყვარელი საქმე თეატრსა და კინოშია, მაგრამ ძალიან შემიყვარდა ტელევიზიაც, ასეა ბევრი ჩემი კოლეგისთვისაც. მოკლედ, აისე აღმოჩნდა, მაგრამ მე მაინც მინდა, ვიბრძოლო, ვიმუშაო და მეტად დავკავდე ჩემი პროფესიით. საქმიანობით კინოსა და თეატრში კიდევ უფრო დავიმკვიდრო ადგილი.
- წელს "ორ ვარსკვლავში" მღეროდი... (არ მაცლის).
- მე იქ არ მიმღერია, უფრო ვიყროყინე, რასაც საბედნიეროდ, მსუბუქად რომ ვთქვათ, სიმღერის მცდელობა დაერქვა.- ახლა ცეკვის მცდელობაც ხომ არ არის შენგან მოსალოდნელი?
- ამ ეტაპზე არა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი იმ ფორმაში არ ვარ, რომ ვიცეკვო, თუმცა "ხოშიანად" ვფლობ სხეულს (სიცილით ამბობს), განსაკუთრებით, სანამ მოვიმატებდი, მოკლედ, ახლა ის რიტმი და ტალღა არ მაქვს, რომ ვიცეკვო.
- ძალადობას ყველანი ვგმობთ, მაგრამ მაინც, როგორ ფიქრობ, როდის უნდა ჩაერთოს საქმეში მუშტი?
- მუშტი უნდა ჩაერთოს, - ასე თქმა არ მინდა, მაგრამ ალბათ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი აღარ არის. ისე, ამ "მუშტსაც" გარკვეულ ასაკში თავისი ხიბლი ჰქონდა. დღეს მუშტების ქნევა, რაღაც ისეთია...
- როგორ იქცევი, როცა ტყუილში გამოგიჭერენ?
- ალბათ, როგორც ყველა ადამიანი. არც ვიცი, გამოუჭერივარ თუ არა, ვინმეს ტყუილში? კი, კი, გამოვუჭერივარ...
- ამ წუთას რა გახსენდება?
- ამ წუთას გამახსენდა: "გაზაფხულის საღამოა მშვიდი,/ ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი". არადა, გაზაფხულის საღამო ნამდვილად არ არის. კაცმა არ იცის, რატომ გამახსენდა, - ალბათ რომ მცხელა, ამიტომ (სიცილით ამბობს).- ოდესმე ლექსი თუ დაგიწერია?
- ერთადერთხელ, 30 წლის ასაკში, როცა მეუღლის ჩუმად დაწერილი ლექსები წავიკითხე, რომელთაც არ ააშკარავებს, მაგრამ მე ძალიან მომწონს. ჰოდა, იმ ლექსში, რომელიც დავწერე, ჩემი მდგომარეობა, განცდები, ფიქრები გადმოვეცი.
- მოგიწონეს?
- კი, მაგრამ რატომღაც ის ლექსი რუსულად დავწერე.
- ამინდი ყოველთვის განსაზღვრავს შენს ხასიათს?
- ზამთარი, სიცივე არ მიყვარს, თბილი ადამიანი ვარ და ალბათ ამიტომ. მოკლედ, მე და ზამთარი ვერ ''ვმეგობრობთ''.
- დაასრულე ფრაზა, - "მე რომ ყოვლისშემძლე ვიყო..."
- ყველა კარაგად იქნებოდა...- ლარის გაუფასურებაზე რას ფიქრობ, - რატომ მოხდა ასე?
- არაფერსაც არ ვფიქრობ. მთავარი ის არის, რომ ბანკში გვქონდა თანხა დოლარებით შესატანი და გავგიჟდი. ძლივს მოვინელეთ ეს ამბავი. ისე, აზრზე არ ვარ, რატომ გააუფასურეს ასე ლარი, - ეს კატასტროფაა.
- თოვლის ბაბუისთვის წერილი თუ მიგიწერია?
- კი, როგორ არა. ვწერდი ხოლმე, მინდოდა, რომ ვინმეს გემზე სანაოსნოდ გავეშვი ან გემი მქონოდა. ეს სურვილი იმიტომ მიჩნდებოდა, რომ მამა იყო ხშირად ზღვაში, ნაოსანი გახლადათ. ამიტომ, სულ მინდოდა, რომ გემზე ვინმეს მეც გავეშვი, ან თოვლის ბაბუას ერთი გემი ეჩუქებინა. ასევე დიდი სურვილი მქონდა, რომ მამასთან ერთად ზღვაში გამეცურა.
- მერე რატომ არ გაცურე?
- თვითონ მამა მოცურავდა ხოლმე... რომ გავიზადე, ზღვაში გაცურვა აღარ მომინდა. გემის კაპიტნობა კი კარგი იქნებოდა, არაჩვეულებრივი საქმეა. სხვათა შორის, ჩემი თავი გემზე გამოვცადე, - მამას რეისში გავყევი. მშვენივრად გადავიტანე მგზავრობა. არაფერს შევუწუხებივარ. ფანტასტიკურად ვგრძნობდი თავს... ერთხელ მამა სერიოზული შტორმის დროს მთელი გემის მასშტაბით მეძებდა, ეგონა, რომ შტორმმა ჩამრეცხა. არადა, იმ დროს მის მეოთხე თანაშემწესთან ვიჯექი და ვისკის ვსვამდი, სულ რაღაც 12 წლის ვიყავი.
- რას ეტყოდი თოვლის ბაბუას ახლა?
- ალკოჰოლის მიღებას ცოტა მოუკლოს. საერთოდ, ეგენი ხომ სვამენ, რომ თბილად იყვნენ. ამიტომ დალევას თავი დაანებონ, რათა ყველა ბავშვის სურვილი აასრულონ, ყველა წერილი მიიღონ. იმედი მაქვს, რომ ყველა პატარას დააკმაყოფილებენ. ბოლოს და ბოლოს, შეიკრან ერთ გუნდად - სანტა კლაუსი, თოვლის ბაბუა, დედ მაროზი და ა.შ. სხვადასხვა ქვეყნის ეს კეთილი ადამიანები, ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ, ყველაზე იზრუნონ, დაგვიკმაყოფილონ ყველას სურვილები და გაგვახარონ!
- რა სურვილი გაქვს საახალწლოდ?
- დასვენება მინდა, ძალიან...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის