ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, დავით ონოფრიშილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, დევნილთა სამინისტროს თანხების ხარჯვის პრობლემა აქვს. "ჩემთვის ცოტა გაუგებარი ვითარებაა – შეიძლება, გარემოს დაცვის კომიტეტის ან რომელიმე სხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე ოპოზიციონერი, მაგრამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს ოპოზიციონერი. ოპოზიციონერი თუ განმისაზღვრავს ქვეყნის ბიუჯეტს და რაში ვხარჯო ფული, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე - ვყოფილვარ ოპოზიცია. ეს ჩვენი სისუსტეა", - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება არის სიცრუის ტირაჟირება.
"ეს არის ტყუილი და ონოფრიშვილს შეეძლო, გადაემოწმებინა. ამ წუთის მონაცემებით, საკასო შესრულება არის 85%, ვალდებულებთან ერთად 90% და იმედი გვაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე 90% მიუხლოვდება 100%-ს. მართლა იყო პრობლემა, როდესაც მე მოვედი სამინისტროში, შესრულება პრაქტიკულად არ იყო, არც ერთი თეთრი არ იყო მშენებლობების საქმეში ათვისება. ამის შემდეგ მიმდინარეობდა პროექტების დაზუსტება. ამ დროისთვის 85% არის საკასო ათვისება და კვირის ბოლოს ეს პროცენტი მიუახლოვდება 100%-იან ათვისებას. ასე რომ, ათვისების პრობლემა არ არის", - განაცხადა სუბარმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ გადასახედია იმ სამინისტროების დაფინანსების საკითხი, რომლებიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისებას ვერ ახერხებენ. ონოფრიშვილის აზრით, მთავრობამ ასეთი უწყებების ხარჯებს უნდა გადახედოს და პრიორიტეტულობის მიხედვით, იმ უწყებებს გადასცეს, ვისაც ფულის დახარჯვა შეუძლია. როგორც ონოფრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თანხების ათვისება ერთ-ორი სამინისტროს მხრიდან მუდმივი პრობლემაა.
"მაგალითად, დევნილთა და განსახლების სამინისტროს შვიდ თვეში ათვისებული ჰქონდა მისთვის გამოყოფილი თანხების 23% და ახლა, 11-თვის მდგომარეობით არის 60%. თანხები კი, ისეთ პროგრამებს ეხებოდა, რომელიც განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღეს არის შემთხვევა, როცა თბილისში იძულებით გადაადგილებულებს ასახლებენ, მაშინ როცა თანხები არსებობდა და პრობლემის მოგვარდება შეიძლებოდა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.