Ambebi.ge -ის ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ყოფილი წამყვანი ირაკლი მაისურაძე ეკა ბესელიას კომიტეტში მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge ირაკლი მაისურაძეს დაუკავშირდა, რაზეც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მუშაობა დაიწყოს. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომიტეტში პროფესიიდან გამომდინარე, შესაბამის პოზიციაზე დასაქმდება.
- ირაკლი, როგორც ვიცით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაინიშნეთ, მუშაობა დაიწყეთ?
- არ დავნიშნულვარ, ჯერ არ დამიწყია მუშაობა.
- ჯერ არა, ე.ი. გარკვეულწილად, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
- შესაძლებელია, მანდ დავიწყო მუშაობა.
- რა პოზიციაზე?
- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა პოზიციაზე შეიძლება ვიმუშაო?
- ადვილი მისახვედრია, თუმცა ჟურნალისტები ყოველთვის არ აგრძელებენ იმავე პროფესიით მუშაობას.
- ამ შემთხვევაში, მე ალბათ გამონაკლისი ვიქნები, თუ გადაწყვეტილება მივიღე. რამდენიმე დღეში დამირეკე და დანამდვილებით შემიძლია დაგიდასტურო ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მივიღებ.
- "რუსთვი 2"-დან წამოსვლის მიზეზები რომ გვითხრათ, თქვენ თავად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუ არხმა გადაწყვიტა?
- მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება წამოვსულიყავი. დანარჩენ მიზეზებზე არ მიყვარს საუბარი.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ახალ წამყვანს უკავშირდება.
- არანაირად არავის არაფერი არ უკავშირდება, კარგი, აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატის კომიტეტში ძველი თანამშრომლებიდან თითქმის აღარავინ დარჩა. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას მისვლის შემდეგ - 2012 წლიდან დღემდე, კომიტეტი თანამშრომელთა უმრავლესობამ დატოვა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატში ბესელიას 10 თანამშრომელი დახვდა და ძველი კადრებიდან ახლა მასთან მხოლოდ სამი მუშაობს.
კადრების ასეთი მასშტაბური და შეიძლება ითქვას, რომ რეკორდული გადინება 2012 წლის მოწვევის პარლამენტის არცერთ სხვა კომიტეტსა თუ დეპარტამენტში არ მომხდარა, მით უფრო იმ ფონზე, როცა პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადასვლის გამო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა აპარატის არაერთი თანამშრომლისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა და ზოგადად, ბევრმა ამ მიზეზით თქვა პარლამენტში მუშაობაზე უარი. მაგრამ სულ სხვა მიზეზებზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან დაკავშირებით.
როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებული ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შეიქმნა. იქ არსებულ სამუშაო გარემოსა და პროცესზე დღესაც აქტიურად საუბრობენ.
თანამშრომლების მიმართ გამომჟღავნებული უარყოფითი დამოკიდებულება, სტრესული გარემო, მძიმე სამუშაო გრაფიკი, დარღვეული შრომითი უფლებები - სწორედ ეს მოტივები სახელდება პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატიდან თანამშრომელთა წასვლის ძირითად მიზეზად. ამასთან, პარლამენტში იმასაც ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე პირადი მძღოლიც შეიცვალა. საუბარია დაახლოებით 10 მძღოლზე.
Ambebi.ge