ახალი, 2015 წელი დადგა და 2014 წელი უკვე წარსულის ისეთივე საკუთრება გახდა, როგორც 2013, ან თუნდაც 1455 წელი. ოდითგანვე ცნობილია, რომ ახალ წელს ყველა განსაკუთრებულად ხვდება. არსებობს რამდენიმე რამ, რაც ახალი წლის აუცილებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით საქართველოში.
1. ახალი წელი წარმოუდგენელია 31 დეკემბრის გარეშე, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ჯერ არ გამოუგონიათ ხელსაწყო, რომელიც ისე მოიყვანს 1 იანვარს, რომ გადაახტეს 31 დეკემბერს.
2. ახალი წელი წარმოუდგენელია პრეზიდენტის მილოცვის გარეშე, თუმცა წლევანდელი წელი ოდნავ განსხვავებულია, ვინაიდან ჯერ არაა გარკვეული, ვინ მოგვილოცავს - პრემიერი თუ პრეზიდენტი. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია საგარეო ურთიერთობებია და არაა გამორიცხული, მან საზღვარგარეთ მცხოვრებთ მიულოცოს, ხოლო პრემიერმა - საქართველოში მყოფთ.3. ახალი წელი წარმოუდგენელია მეკვლის გარეშე. სამწუხაროა, რომ მეკვლეს მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულება, ანუ გაუვალი თოვლის გაკვალვა აღარ უწევს. ამიტომ შემოვდივარ ინიციატივით, მეკვლეს ეწოდოს: "მემანქანე" (თუ მანქანით მოვა), წლის პირველი სტუმარი და სხვა.
4. ახალი წელი წარმოუდგენელია საახალწლო კონცერტის გარეშე, ხოლო ძველი ახალი წელი წარმოუდგენელია ახალ ახალ წელს გამართული საახალწლო კონცერტის გარეშე.
5. ახალი წელი წარმოუდგენელია მაგიდის ქვეშ შემძვრალი გოგოების გარეშე, რომლებსაც სჯერათ, თუ ახალ წელს მაგიდის ქვეშ შეხვდებიან, მომავალ წელს უსათუოდ გათხოვდებიან. (ამის მერე გვიკვირს, რატომაა ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემები).
6. ახალი წელი წარმოუდგენელია საახალწლო მაშხალების გარეშე. სხვათა შორის, ჩემი მეზობლის ბაბუამ რომ ნახა შარშანდელი ახალი წლის საღამო, გაკვირვებულმა თქვა: "შვილო, ასე რომ გერმანიისთვის დაგვერტყა, 4 წელი რად გვინდოდაო".
7. ახალი წელი წარმოუდგენელია საცივის გარეშე. თავის მხრივ, საცივი წარმოუდგენელია ინდაურის გარეშე, მაგრამ ბოლო დროინდელმა გაჭირვებამ გამოიწვია ინდაურის სეკვესტრი და მისი ადგილი ვარიამ დაიკავა, თუმცა არის სამწუხარო შემთხვევებიც, როდესაც ვარიაც არაა.
8. ახალი წელი წარმოუდგენელია ფასდაკლებების გარეშე, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა ჩვენს ქვეყანაზე არ ვრცელდება.
9. ახალი წელი წარმოუდგენელია გასართობი ტელე-პროგრამების გარეშე, თუმცა დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ბოლო 10 წელია ამ პროგრამებში მხოლოდ შესამოსელი იცვლება, ხოლო მონაწილენი და თავად პროგრამა გაჭრილ ვაშლზე მეტად გავს ერთმანეთს.
10. ახალი წელი წარმოუდგენელია სიხარულის და ბედნიერების გარეშე და ღმერთმა ქნას, მუდამ უხვად გქონოდეთ ორივე.
ლადო გოგოლაძე