"ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისათვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის ქართული. მისი აღსრულება სავალდებულოა ყველა ქართულ ტაძარში და ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური, გალობა შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა "საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ". იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები", - ეს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინებაა. მიუხედავად სინოდის ამ გადაწყვეტილებისა, დღესაც, საქართველოს ტაძრებში არ სრულდება ქართული ტრადიციული გალობა, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით. ამის მიზეზი ქართული ტრადიციული გალობის განვითარების მაღალი დონე, მისი სირთულე და პედაგოგების ნაკლებობაა. ჩვენი ქვეყნის რთული ისტორიული წარსულის გამო, ახალგაზრდა თაობაში ძნელად ხდება ქართული ტრადიციული გალობის გადაცემა, რაც მხოლოდ ნოტების მეშვეობით არის შესაძლებელი. ევროპული ნოტები სათანადოდ ვერ ეხმარება გამოცდილ, თითო-ოროლა მგალობელს, რომ ქართული გალობა სრულიად და უშეცდომოდ გაავრცელოს საქართველოს მასშტაბით.
იმისთვის, რომ მოხდეს ქართული ტრადიციული გალობის კანონიკაში მართებულად მოყვანა, უწმინდესის კურთხევით, ანსამბლმა "შავნაბადამ" საგალობლების სასწავლო დისკები გამოსცა. მათი მე-3 დისკი ქართული საგალობლების სასწავლო სანოტო კრებულთან ერთად გამოიცა, რომელშიც შესულია: ნათლობის, ქორწინებისა და მღვდლად კურთხევის საგალობლები.
2012 წელსაც "შავნაბადამ" უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დისკები გამოსცა, რომელზეც მწუხრის ყველა საგალობელია ჩაწერილი და ამასთან, თითოეული საგალობლის თითო ხმა, რათა მგალობელმა გალობის შესწავლა ზეპირი წესით შეძლოს და არა ნოტით. მათგან ერთ-ერთში კი წირვის საგალობლებია შესული, რომელსაც ნოტები და კრებულიც ახლავს.
ანსამბლის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი ნამუშევარი მათთვის მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა და ის არ ჰგავს წინამორბედებს, რომლებიც აქამდე გამოუციათ. მას სასწავლო მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ გამოცემის სასწავლო წოდება არ არის თვითნებური. ჩანაწერები მოსმენილია მაღალკვალიფიციური და ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პროფესიონალების მიერ.
დისკი საჩუქრად დაურიგდება ყველა ეკლესიასა და მონასტერს, ასევე გალობის შესწავლის მსურველს...
ამ დროისათვის ანსამბლს უკვე 5 დისკი აქვს გამოცემული, რომელზეც საგალობლებია ჩაწერილი და ამასთან, თითოეული საგალობლის თითო ხმა, რათა მგალობელმა შეძლოს გალობის შესწავლა ზეპირი წესითა და არა ნოტით.
პროექტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა, ასევე "თიბისი ბანკისა" და ფონდი - "ქართული გალობის" ხელშეწყობით.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის