"ბადაგონის" ახალი ცქრიალა ღვინოების და ბასა ფოცხიშვილის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

"ბადაგონის" ახალი ცქრიალა ღვინოების და ბასა ფოცხიშვილის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

ახალი ცქრიალა ღვინოებისა და ბასა ფოცხიშვილის კლიპის პრეზენტაცია ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში კომპანია "ბადაგონში" გაიმართა.

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, დეპუტატი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები.

"დღეს წარმოვადგინეთ ორი ცქრიალა ღვინო - "ბრუტი" და "როზე", რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეს პროექტი დაახლოებით წელიწადნახევარია კეთდებოდა. ზუსტად საახალწლოდ ჩვენ შევთავაზეთ საუკეთესო ქართული ჯიშებისგან დამზადებული ცქრიალა ღვინო მომხმარებელს", - განაცხადა "ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ.

როგორც კომპანია "ბადაგონის" ენოლოგი დონატო ლანატი აცხადებს, ახალი ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად ენდემური ქართული ჯიშის ყურძენია გამოყენებული.

"ეს ცქრიალა ღვინო დადგა უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიის დანადგარების გამოყენებით, ყველაზე მეტად რითაც ვამაყობ, არის ის, რომ ცქრიალა ღვინის დამზადება მოვახერხეთ მხოლოდ ქართული ადგილობრივი ენდემური ჯიშების გამოყენებით. გამოვიყენეთ რქაწითელი, მწვანე და საფერავი. "როზე" მხოლოდ საფერავზეა დამზადებული. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართული ყურძნით შევძელით ევროპული ცქრიალა ღვინის დამზადება", - განაცხადა დონატო ლანატიმ.

ახალი ცქრიალა ღვინის დამზადება და გამოშვება "ბადაგონის" ხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიულოცა.

"დღეს ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ხაზი, ეს არის მაღალტექნოლოგიური ხაზი, აღსანიშნავია, რომ მათ ისარგებლეს სოფლის მეურნეობის შეღავათიანი აგროდაფინანსებით, 600 ათასი დოლარის ფარგლებში აიღეს შეღავათიანი კრედიტი, დაამატეს, განაახლეს და ახალი ტექნოლოგიური ხაზი წარმოადგინეს, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა", - განაცხადა ოთარ დანელიამ და დასძინა, რომ ახალი ცქრიალა ღვინო ძალიან გემრიელია.

დღესვე კომპანია "ბადაგონში" ბასა ფოცხიშვილის მიერ იტალიის ქალაქ ვერონაში გადაღებული ვიდეოკლიპის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

"ბადაგონი" არის ჩემთვის ძალიან განსხვავებული. ისეთი ბრენდია, როგორიც მინდა რომ საქართველოში ძალიან ბევრი იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის, ძალიან დახვეწილი. რაც შეეხება რეკლამას, მეუბნებიან რომ "ბადაგონის" რეკლამები კარგი გამოდის, ეტყობა ეს სიყვარულის გამოა, იმიტომ რომ მართლა მიყვარს. ძალიან დიდი ხანია არ გადაღებულა "ბადაგონის" რეკლამა, სოფიკოს მერე, იმტომ რომ სოფიკოს შემცვლელი რა მეგულება არც საქართველოში არც იტალიაში, ძალიან ვნერვიულობდი, მინდოდა რომ კარგი გამოსულიყო. ერთი გმირი არ მყავს, ბევრი გმირია და ვფიქრობ რომ კარგია. მე მომწონს, იშვიათად მომწონს ხოლმე ჩემი ნამუშევრები. რომ დამირეკეს კლიპის შესახებ, რომში ვიყავი. ძალიან გამიხარდა, რომ "ბადაგონი" უნდა გადამეღო და ზუსტად ათ წუთში მომივიდა ეს იდეა",-ამბობს ბასა ფოცხიშვილი

"ბადაგონმა" წელს შეიძინა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურით აამუშავა კიდევ ერთი გაჩერებული საწარმო მანავში. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 6 მილიონი ამერიკული დოლარი ინვესტიცია განახორციელა, "ბადაგონის" საკუთრებაში არსებული 300 ჰექტარი ფართობი ვენახები დარგა. კომპანიამ დამატებით იჯარით აღებული 140 ჰექტარი დაამუშავა.

წლევანდელ სეზონზე "ბადაგონმა" მიიღო უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ყურძენი, ქარხანაში 6.500 ტონა ნედლეული დამუშავდა. წელს "ბადაგონმა" მსოფლიოს 18 ქვეყანაში 3 მილიონ ნახევრაზე მეტი ბოთლი გაიტანა ექსპორტზე.

აღსანიშნავია, რომ "ბადაგონმა" აღადგინა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული მარანი და დღემდე აგრძელებს ალავერდის სიძველეთა საცავის მშენებლობას.

ნათია ლეშკაშელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი