გუშინ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მეუღლესთან, თამთა ყუბანეიშვილთან ერთად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, სადაც მას ადამიანის უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო ჯილდო გადასცეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მინისტრის მეუღლე.
"აი, ასეთი წყვილი ვართ ჩვენ
ქორწინების მეთორმეტე წელს მივაგორებთ. გუშინ საერთაშორისო ჯილდო მივიღეთ ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ჩემს წვლილსაც არ უარვყოფ ამ ჯილდოს დამსახურებაში, ცხადია. ძლიერები ვართ - ბევრ ცდუნებას და გამოწვევას გავუძელით. ვიცით, რა მთავარ ღირებულებას არ უნდა ვუღალატოთ, რათა შენც ღირსეულად იცხოვრო და შენს ირგვლივ მყოფებმაც... სამი შვილი გვეზრდება, რომლებიც გვინდა რომ თავისუფალ და ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა, თქვენმა და ყველას შვილებმა კიდევ უფრო უკეთეს გარემოში იცხოვრონ!!!", - წერს თამთა ყუბანეიშვილი.
პოლონეთის რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისათვის ოფიცრის ჯვრის ორდენი გადაეცა სოზარ სუბარს. მას ეს ორდენი მიანიჭა პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბატონმა ლეხ კაჩინსკიმ.
ორდენი სოზარ სუბარს მიენიჭა მისი საქმიანობისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში.