თბილისობის ფინანსური სკანდალი - აქვს თუ არა სამგორის გამგებლის მეუღლეს კავშირი ფინანსურ მაქინაციასთან

თბილისობის ფინანსური სკანდალი - აქვს თუ არა სამგორის გამგებლის მეუღლეს კავშირი ფინანსურ მაქინაციასთან

სკანდალი თბილისობის დღესასწაულის გარშემო გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა თბილისობის აღსანიშნავად გამოყოფილი თანხა 15 250 ლარის ოდენობით მისი მეუღლის მეგობრის, გივიკო რაზმაძის ახლადშექმნილი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა, ღონისძიების წამყვანი კი ჩოქურის მეუღლე  იყო. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება, საქმეს მერიის სარევიზიო კომისია სწავლობს, თბილისის მერიაში კი პროკურატურა აწარმოებს მოკვლევას. ჩოქურის მეუღლემ ეკატერინე მგალობლიშვილმა მის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა. ეკა მგალობლიშვილი სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელია.

- ეკა, როგორ ჩაერთეთ სამგორის რაიონში ჩატარებულ ღონისძიებაში, ვისი სურვილი იყო ეს?

- ჩემი სააგენტო "კატრინი" წლების მანძილზე დადის კარდაკარ და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენით არის დაკავებული. საერთაშორისო კონკურსების 11 ლიცენზია მაქვს და ექსკლუზივი მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსზე. 8 წელია ყველა კონკურსიდან პრიზით ვბრუნდებით. საქართველოს სახელი ბევრჯერ ვასახელე. ჩემს სფეროში აქამდეც კარგად მიცნობდნენ, მაგრამ ეკა მგალობლიშვილი და სამოდელო სააგენტო "კატრინი" ამ სკანდალის გამო უკვე ყველამ იცის, შავი პიარიც პიარია. მე რა არ ვიცი, თანამდებობის პირის ოჯახის წევრს ფული არ უნდა მისცენ? არც მე და არც "კატრინს" არ მიგვიღია თანხა. არსებობს შესაბამისი სამსახური და შეამოწმოს. ასეთი უვიცი და მიამიტი ვჩანვარ, რომ ერთ დღეს 7 საათი და მეორე დღეს 5 საათი დავდექი სცენაზე გამოპრანჭული და დავარცხნილი? დასამალი რომ არ მქონდა არაფერი, იმიტომ ვიდექი სცენაზე.

- ჰონორარი აიღეთ?

- არ ამიღია არცერთი თეთრი. ის თუ დანაშაულია, რომ როცა მომღერლებმა გაიგეს, რომ სამგორის რაიონის გამგებელი ჩემი მეუღლე იყო და 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარად იმღერეს და ბიუჯეტი დაიზოგა, არ ვიცი, მაშინ სამგორის რაიონში კონცერტი არ უნდა ჩატარდეს, რადგან ჩემი საქმიანობა დღეს არ დამიწყია. ბავშვობიდან ამ სფეროში ვარ და ყველას ვიცნობ.

- ამბობენ, რომ თქვენი სააგენტოს პიარ-მენეჯერია გივიკო რაზმაძე, რომელსაც სამგორის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა თბილისობისთვისთვის გამოყოფილი თანხა...

- არ არის "კატრინის" პიარი. გვითანამშრომლია რამდენჯერმე. გივი რაზმაძეს აქვს დიდი ბაზა მომღერლების, კლუბების, საქორწინო სახლების, "ჯი ერ პე პროდაქშენი" ჰქვია მის კომპანიას. რა ანგარიშზე ჩაურიცხეს თანხა, არ ვიცი. ჩემი მანქანით და საწავავით 2 კვირის მანძილზე ვიყავი ყველა ბაღში და დირექტორებს ვეუბნებოდი, ბავშვები გამოსულიყვნენ თავიანთი ნომრებით, სულ 64 მუსიკალური ნომერი იყო სამგორში. მეუღლეზე ან ვინმეზე დახმარება თუ დანაშაულია, კი ბატონო.

- თქვენგან იცნობს მამუკა ჩოქური გივიკო რაზმაძეს?

- 3 აგვისტოს დავიწერეთ ჯვარი, გასული წლის 19 დეკემბერს გავიცანი. ჩემს მეუღლეს უნდა თუ არა, როგორც მე მიწევს მის ირგვლივ ყველას გაცნობა, მასაც ასევე უწევს. ეკა მგალობლიშვილი თუ შევა სადმე მეუღლესთან ერთად, იქნება შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი და ვაცნობ. ასე გაიცნო გივიკოც. არა მარტო გივიკოს იცნობს.

- თქვენი მეუღლის განცხადებით, გადაუდებელი აუცილებლობით იყო განპირობებული ტენდერის გამოცხადების გარეშე კონცერტის ჩატარება...

- ყოველთვის რიყეზე ან თავისუფლებაზე ტარდებოდა, 1000 ლარს შეადგენდა ერთი სიმღერის ჰონორარი. ღონისძიებების გაშლა მოხდა პირველად. გამგებლებიც ახალი დანიშნულები იყვნენ. გამგებელს არ მოეთხოვება კონცერტების ჩატარება. ეკა მგალობლიშვილი მსოფლიოს გარშემო დგამს ღონისძიებებს. "თბილისო" გავაჟღერე 100 000 კაციან დარბაზში. ამხელა გამოცდილება მაქვს, მე მადლობა უნდა მითხრას სამგორის რაიონმა, რომ მე დავზოგე ბიუჯეტი და ჰონორარის გარეშე წავიყვანე კონცერტი და მომღერლებმა იაფად იმღერეს. ბევრ თანამდებობაზე მაქვს უარი ნათქვამი. აქციაზეც კი არ ვარ ნამყოფი, არც არასდროს ვიბლოკებოდი. რატომ არ უნდა დავდგომოდი უფასოდ გვერდით ჩემს მეუღლეს? ეს იყო გრანდიოზული შოუ.

- გივიკო როგორ ჩაერთო ამ ღონისძიებაში?

- მან პროექტი შეიტანა გამგეობაში და დაუმტკიცეს. 15 000 ლარი ჩაურიცხეს თუ არ ვცები, აქედან დაახლოებით 3 000 ლარი წაიღო საგადასახადომ და დანარჩენი თანხა გაინაწილა 38-მა კაცმა. ვინ გაგიკეთებს 11 000 ლარად ღონისძიებას 38 კაცის მონაწილეობით. გრანდიოზული კონცერტი იყო, ცნობილი მომღერლები მღეროდნენ. თიკა ჯამბურია, ირინა ბაირამაშვილი, მარკუს მეტრეველი და ა.შ. ორი დანაშაული ჩამიდენია: ერთი, რომ უფასოდ წავიყვანე ღონისძიება და მეორე ის, რომ ბიუჯეტი დავზოგე. ჩემი ქმრის სახელით არასდროს მისარგებლია. ჩემმა მეუღლემ თვითონ შეიტანა საკრებულოში განცხადება, სარევიზიო კომისიამ განიხილოს, იქნა თუ არა დარღვევები ამ საქმეში. არცერთი ორგანიზატორი არ არის ნათესავი და ოჯახის წევრი. კითხვა მაქვს იმ ხალხთან, ვინც ეს საკითხი წამოჭრა, როცა აღმოჩნდება, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია, არ ამიღია ჰონორარი არც მე და არც ჩემს კომპანიას, ვინ აუნაზღაურებს ჩემს მეუღლეს ამ მორალურ ზიანს.

- გივიკო რაზმაძე ესწრებოდა ღონისძიებას, ის ამბობს, რომ არ ახსოვს კონცერტი სად ჩატარდა?

- საიდან ემახსოვრება. ცუდი ამინდი იყო და მეორე დღეს ლოკაციის ადგილი შეიცვალა. კონცერტი სკოლაში ჩატარდა. პირველ დღეს მედიათეკის და სვანეთის ბაზრობის წინ ჩატარდა, მეორე დღესაც იქ იყო დაგეგმილი, მაგრამ წვიმის გამო შეიცვალა ლოკაციის ადგილი და მეც არ მახსოვს, რომელ სკოლაში ჩატარდა. საახალწლოდ მინდა ფლეშმობის ჩატარება თბილისის ქუჩებში, ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე რომ მოეწყოს, ზღაპრის გმირების მონაწილეობით და ვნახოთ თუ შემიწყობენ ხელს. ასევე, დაგეგმილი მაქვს ივნისში "მის პლანეტა" ჩავატარო საქართველოში, სადაც 50 მისი ჩამოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფრენჩაიზის გარეშე მომცეს ამ კონკურსის ჩატარების უფლება. გარდა იმისა, რომ კონკურსის პრეზიდენტი ქვეყანას აძლევს თანხმობას, კონკურსი ჩატარდეს შენს ქვეყანაში, ლონდონის და მადრიდის საბჭომ განიხილა და დადასტურდა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა 50 მისის მისაღებად.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია