"ჯორჯიან ეარვეისი" ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისებს აღადგენს

"ჯორჯიან ეარვეისი" ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისებს აღადგენს

კომპანიამ "ჯორჯიან ეარვეისი", ხვალიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები შედგა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნა მიღებული.

"ჩვენი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. ორშაბათიდან ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დააკმაყოფილებენ დანარჩენ მოთხოვნებსაც. თუ არ დააკმაყოფილებენ ორშაბათიდან ან არ დაიწყებენ ამ პროცესს, ისევ გაგრძელდება აქციები", - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

"ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენლები რამდენიმე დღეა აქციებს მართავდნენ. ისინი შვიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. ეს მოთხოვნებია: სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრო გახდა თავკომბალა და ის რეალურად ვერ ახდენს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც საავიაციო კომპანიებს აქვთ; სააგენტოდან გათავისუფლებული იქნეს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს ჯორჯიან ეარვეიზს" ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია