შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გორის სააგენტოში თეორიული გამოცდის ჩაბარების მსურველთა ნაკადი არ წყდება. ხალხმრავლობის მიზეზი კი 15 დეკემბრიდან ახალი 3D ბილეთების შემოღებაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება არაერთხელ გააკეთა, რომ ბილეთების შინაარსი არ გართულდებოდა, მაგრამ მოქალაქეები გამოცდების ჩაბარებას მაინც ჩქარობენ.
რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, აქ რიგითობას მოქალაქეები წერილობით ადგენენ. მათი თქმით, სია წინასწარ ივსება, შესაბამისად, მომავალ მძღოლებს მთელი დღის განმავლობაში უწევთ ლოდინი. სიის გარეშე გამოცდაზე არავინ "დაიშვება". ასეთი მკაცრი თვითრეგულაცია აქვთ მართვის მოწმობის აღების მსურველებს.