მიშა 27 წლის არის და ასაკით უფროსი ქალი უყვარს. ამის გამო პრობლემებს დღემდე ვერ მორევია. იქნებ მკითხველმა რამე გონივრული მირჩიოსო, - გვთხოვა...
- ნინო 9 წლით უფროსია, თუმცა, ჩემზე ახალგაზრდულად გამოიყურება. წარმატებული ქალია, არასდროს ყოფილა გათხოვილი, არც შვილები ჰყავს... უკვე შვიდი წელია, ჩემი ფიქრები მას დასტრიალებს. რა ვქნა, ძალიან მიყვარს, თავს ვერ ვერევი. ცოლობა ვთხოვე, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - ჩვენს სიყვარულს მომავალი არა აქვსო. ალბათ, ბებიაჩემმა და დედაჩემმა დააფეთეს - როგორც კი გაიგეს, უფროსი ქალი მიყვარდა, ერთი ამბავი ატეხეს. მათთან ნამდვილი ომი მაქვს გაჩაღებული. მალე დაბერდება და გული სხვისკენ გაგიწევსო, დამარიგა "ჭკუისკოლოფა" ბიძამ. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ რომ მითხრა, ნინო მალე დაბერდებაო, საშინლად გავბრაზდი და მივახალე, რაც დრო გადის, მე უფრო მემჩნევა ასაკი, ვიდრე ნინოს, თანაც იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ადრე მიყვარდა და კი არ მბეზრდება, ვგიჟდები მასზე, მინდა სულ ჩემთან იყოს-მეთქი.
ბიძაჩემს რა ალაპარაკებს, ვერ გამიგია, ასაკით უმცროსი ორი ცოლი გამოიცვალა და მაინც ვერ ააწყო ცხოვრება. ვერ ხვდება, რომ ასაკი არაფერ შუაშია. ბებიამ დაიჩემა, ჩემს მოძღვართან მიგიყვან, ის გეტყვის, რომ ასეთი კავშირი აკრძალულიაო. გული მეუბნებოდა, რომ ბებიაჩემი ტყუოდა და მისი მოძღვარი არაფერ შუაში იყო... ეკლესიაში რომ მივედით, ბებიაჩემმა რიხით დაიწყო, - აი, ეს ჩვენი ბიჭი ასე აპირებს თავი დაიღუპოსო. მღვდელმა გაოცებულმა შეხედა, - რატომ გგონიათ, რომ თავს იღუპავს, არსად წერია ასეთი აკრძალვა, მთავარი სიყვარულია და არა ასაკიო. სიხარულით გავბრწყინდი. ბებიაჩემი ცარცივით გაფითრდა. იმდენად ჯიუტად იდგა თავის აზრზე, რომ მღვდელსაც კი დაუწყო შეწინააღმდეგება, - მამაო, ქალი მალე დაბერდება, კაცი კი სხვა ქალზე დაიწყებს ფიქრს და ოჯახი დაინგრევაო. თუ ამ ყმაწვილს ის ქალი ნამდვილად უყვარს და მისი ცოლად შერთვა გადაუწყვეტია, მაშინ მათ კავშირს ვერაფერი დაანგრევს და ეს ბიჭი არსად გაიხედავს, ცოლის გარდაო, - ღიმილით მიუგო მოძღვარმა. მოკლედ, შინ მე გამარჯვებული დავბრუნდი, ბებია - გაანჩხლებული, არაფრის თქმა არ სურდა ჩვენი მომლოდინე ოჯახის წევრებისთვის. ბოლოს, დაასკვნეს, - ზოგჯერ მღვდლებიც სცდებიანო და ისევ მტკიცეს უარი, ჩვენს თანხმობას ვერ ეღირსებიო...
გადავწყვიტე, შინიდან წამოვიდე და ბინა ვიქირავო. დედაჩემმა მითხრა, ამას თუ იზამ, თავს მოვიკლავ, ერთადერთი შვილი სიმწრით გაგზარდე და ქალის გამო გინდა მიმატოვოო? დედაჩემსაც ბიბლიიდან მოვუყვანე მაგალითი, ღმერთი აკურთხებს ქალის და კაცის კავშირს, ცოლქმრობას და გარკვევით წერია, - როდესაც კაცი თავის ცოლს შეუერთდება, მერე არავის აქვს მათ ოჯახში ჩარევის უფლება-მეთქი. მოკლედ, ჩემს შესაშინებლად რა სცენებს აღარ დგამენ. დედას ვუთხარი, თუ ნინოს ცოლად შერთვისა და ცალკე ცხოვრების უფლებას არ მომცემთ, თავს მოვიკლავ და მერე არკვიეთ, რა სჯობდა, ჩემზე უფროსი ცოლი მყოლოდა თუ მეცოცხლა-მეთქი.