ახლახან ''ჯიდიესზე'' ახალი სერიალი ''ტიფლისი'' დაიწყო. რეჟისორების ლევან დაბრუნდაშვილისა და ნოდარ მარშანიშვილის კრიმინალური დრამა XIX საუკუნის საქართველოში ხდება. სერიალი თბილისში, ეპოქისთვის დამახასიათებელ გარემოში ვითარდება, სადაც თავადები, ყმები, ფალავნები, ხელოსნები და ბევრი სხვა ფენისა და წოდების ადამიანია ''თავმოყრილი''.
ამირან ქაჩიბაია ''ტიფლისის'' ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. მეტსახელად ''ცხვირა'' მჭედელია, იმავდროულად კარგი მოკრივეა და ყოველკვირა სხვადასხვა ფალავანთან ჩხუბობს. ''ცხვირა'' პირველივე სერიაში გაება შარში და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მაყურე-ბელი მომდევნო სერიებიდან შეიტყობს...
- პირველ რიგში, მომიყევით, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში რა ხდება? ახალი შენობა გაქვთ...
- ახალი შენობის მშენებლობაში, რომელიც მუშთაიდის ბაღშია, მთელი გული და სული, დიდი ენერგიაა ჩადებული. ძალიან მაგარი თეატრია, არა იმიტომ, რომ მშენებლობაში ვმონაწილეობდით, არამედ ეს არის სივრცე, რომელიც ფართო შესაძლებლობებს იძლევა სხვადასხვა სანახაობის წარმოსადგენად. გარდა ამისა, ვარ გორის თეატრშიც, სადაც რეჟისორი სოსო ნემსაძე მუშაობს. ის ჩემი პედაგოგი იყო, მან მასწავლა მსახიობის პროფესია და სწავლის პროცესი დღემდე გრძელდება. გორში ვთამაშობთ საფრანგეთის რევოლუციის თემაზე აგებულ სპექტაკლს ''დანტონი''. რაც შეეხება მოძრაობის თეატრს, კარგა ხანია არ ვყოფილვარ, იმედი მაქვს, იქ კიდევ არაერთ სპექტაკლში მომიწევს მონაწილეობა. მომენატრა იქაურობა. სერიალის გადაღებები რომ დაიწყო, ამ ეტაპზე აქეთ ვარ გადმორთული.
- კამერასთან მუშაობის გამოცდილება ''ტიფლისამდეც'' გქონდათ...
- კი, სამწუხაროდ, ჩვენთან მიიღებ რაღაც პროექტში მონაწილეობას და მერე ისე გადის არაერთი წელი, რომ არც კი გახსოვს მომხდარი. არადა, ამ პროფესია ში მთავარია პრაქტიკა, მუშაობის დროს იზრდები, ეჩვევი კამერას და ა.შ. 5-6 წლიანი პაუზები ძალიან ხელისშემშლელია. ''კლინიკა'' იყო სერიალი, რომელშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ და ალბათ ეს სხვებსაც ეწყინათ, სერიალი შეწყდა. კიდევ იყო გიგა ბაინდურაშვილის ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ''ფეხშიშველი'', რომელიც 90-იანების თემაზე აიგო.
- ''ტიფლისის'' გადაღებებს, ალბათ, დიდი მოსამზადებელი სამუშაო უძღოდა წინ. რა ადგილებში იღებთ და აქვე გვითხარით, ვის წარმოადგენთ სერიალში?
- რუსთავის გზაზე არის ტყე, რომელსაც საპატრიარქოს ტყეს ეძახიან. იქ ძალიან ბევრი ლოკაციის ადგილია აწყობილი. მშენებლობაში გვერდში დაგვიდგა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია. იქ ვათენ-ვაღამებთ და შეიძლება ითქვას, ეს ტყე გავაპავილიონეთ და გავიოჯახეთ. ძველი თბილისის რამდენიმე უბანშიც არაერთი სცენაა გადაღებული, მაგრამ უმთავრესი ნაწილი - ტყეში. ჩემი პერსონაჟი მჭედელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ენერგიას ბოლომდე ვერ ხარჯავს და ჩხუბი მისთვის დამატებითი ''სამსახურია''. ცხვირა ღამღამობით ვერაზე ადის და ჩხუბობს. ''სამსახურს'' იმიტომ ვეძახი, რომ ბრძოლებს ხან იგებს და ზოგჯერ თანხის გამო ''ყიდის''. ჩემი პერსონაჟი გაჭირვებული ოჯახის შვილია, ბავშვი რომ იყო, ერთ-ერთი ოჯახის კართან დატოვეს, სწორედ მჭედელმა იპოვა, გაზარდა ეს ბიჭი და რა თქმა უნდა, ხელობაც შეასწავლა.
- კასტინგის შედეგად აგიყვანათ თუ პირდაპირ დაგამტკიცათ როლზე?
- ცხვირის გამო გადაწყვიტა ალბათ, ან მერე დაარქვეს პერსონაჟს ''ცხვირა'', ზუსტად არ ვიცი. ძალიან ადრე მითხრა ლევანმა ამ პროექტის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბოლოს დაფინანსდა, შეიკრა ეს ''ბანდა'' და გადაღებებიც დაიწყო.
- ყურში ძალიან მომხვდა სერიალის არაერთი პერსონაჟის მეტყველება, მგონია, რომ იმ დროს ყოველდღიურ ყოფაში ასე არ ლაპარაკობდნენ...
- ჰოო?! მე პირიქით მეგონა. სერიალი სიზუსტით არ ასახავს წარსულს, რომ ''წკაპ-წკაპ'' - ყველაფერი და მათ შორის სიტყვები ზუსტად მოარგო იმ ეპოქას, ამიტომ, ჩემი აზრით, რაღაცებს ''იტანს''. რა თქმა უნდა, იმას არა, რომ კადრში ვიღაც მოტოციკლით შემოვარდეს და არა ცხენით, მაგრამ სხვა შემთხვევაში არა მგონია, ეს უზუსტობად ჩაითვალოს.
იხილეთ გაგრძელება