ახალი წელი ყველას განსაკუთრებულად უყვარს. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ყველა დიდი სიხარულით აღნიშნავს. ტრადიციების მოყვარულები ცდილობენ, ყველა დეტალი სწორად შეასრულონ, რომ მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში იღბალმა არ მიატოვოს. ზოგი დარწმუნებულია, რომ როგორი განწყობითაც შეხვდება პირველ იანვარს, მთელი წელი ისე ჩაივლის და ერთი კვირის განმავლობაში დროს ქეიფში ატარებს, რასაც ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება ხოლმე. ამიტომაა, რომ დიეტოლოგები და ასტროლოგები გვირჩევენ, ორგანიზმი ჭარბი საკვებით არ გადავტვირთოთ. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები. ვესაუბრეთ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს და შევეცადეთ გაგვერკვია, რა შემთხვევაში იქნება წარმატებული მომდევნო 2015 წელი.
- ბატონო დავით, ზოგი ამბობს, რომ მწვანე თხის წელი მოდის და ზოგიც ლურჯი ფერის თხის წელიწადის მოახლოებას გვამცნობს. მაინც რა ფერის თხის წელი იქნება?
- მწვანეც და ლურჯიც 2015 წელიწადის ფერებია. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წელიწადი 2015 წლის 19 თებერვალს დადგება. ორივე ფერის სამოსი შეიძლება ატაროთ მომ-დევნო წელს, მაგრამ მაინც არის გამონაკლისი. მერწყულის, ლომისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებმა უნდა ატარონ ლურჯი ფერის სამოსი და მწვანეს მოერიდონ. ქალწულებმა და თხის რქებმა კი მწვანე ფერის სამოსი უნდა ატარონ. სასურველია, ლურჯს მოერიდონ. ყველა დანარჩენებმა, შეიძლება ატარონ მწვანე და ლურჯი ფერის სამოსი.
- როგორი წელი გველოდება?
- 2015 წელი მოულოდნელობებით სავსე იქნება. ჯობს, 2015 წლისთვის ადამიანები ნურაფერს დაგეგმავენ. ერთ მშვენიერ დღეს მათი გეგმები შეიძლება თავდაყირა დადგეს, ამიტომ სასურველია, მოვლენათა განვითარებას მივდიოთ. თუ ადამიანები მიჰყვებიან მოვლენათა განვითარებას და იმოქმედებენ იმის მიხედვით, რასაც გარემოებები შესთავაზებენ, საუკეთესო შედეგს მიიღებენ. გარდა ამისა, ადამიანებში გაძლიერდება რაციონალური შრომისადმი არა მარტო მოთხოვნილება, არამედ მიდრეკილებაც. ადამიანები მთელ მსოფლიოში ეცდებიან, უფრო ნაკლები შრომით მიიღონ შემოსავალი და ამაში ხელი მოემართებათ.
- როგორი იქნება მომდევნო წელი საქართველოსთვის?
- საქართველოში მოსალოდნელია ძალიან დიდი უკმაყოფილება შრომის ანაზღაურების მხრივ, ანუ ქვეყანას ფინანსური პრობლემები გაუჩნდება. უკმაყოფილება წლის დასაწყისში, ფაქტობრივად, დეკემბრის ბოლოს გამომჟღავნდება, რაც ხელისუფლებას სიტუაციის გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს. დეკემბრის ბოლოდან დაიწყება ლარის კურსის თამაში და გაგრძელდება 2015 წელსაც. ლარის კურსის შესანარჩუნებლად ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა საბოლოო ჯამში საზოგადოება კარგ შედეგს მიიღებს. მოსალოდნელია, ისეთი რეფორმები გატარდეს, რაც სასიკეთოდ აისახება ზოგადად შემოსავლებზე.
- როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს?
- ვინაიდან თხის წელია, სასურველია, სუფრაზე გვქონდეს მეტი ბოსტნეული და ნაკლები ხორცეული. სასურველია, სუფრაზე მწვანე და ლურჯი ტონალობები იყოს. მთავარი ისაა, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მომდევნო 2015 წელი იქნება ძალიან კარგი. ვისაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს, გამოუსწორდება. თხას არ უყვარს უზომოდ ჭამა, ამიტომ ახალ წელს არ გირჩევთ ბევრის მირთმევას. ვინაიდან ხის თხის წელია, კარგი იქნება, სუფრაზე ხის ჭურჭელი თუ იქნება. და არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წლის მილოცვის შემდეგ რაც შეიძლება ბევრჯერ უსურვოთ ერთმანეთს ჯანმრთელობა. ეს სურვილი აუცილებლად ასრულდება.