''მარაო რუსთავი 2''- ზე, მოგეხსენებათ, მოდის დიდ მოყვარულ ნინა წკრიალაშვილს მიჰყავს გადაცემა, რომლის საშუალებითაც მაყურებელს ცნობილი ადამიანების გარდერობებში ახედებს. ნინას გადაცემები ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა, ჯერ შორენა ბეგაშვილის გარ-დერობის ამბებმა მოიარა მთელი ინტერნეტსივრცე, შემდეგ კი ნინო ჩხეიძის მდიდრული კარადაც ''გამოვაღეთ'' ნინასთან ერთად და იქ უამრავი ცნობილი ბრენდი ვიხილეთ. ნინოს ამ გადაცემაზეც ვესაუბრეთ და მისგან რჩევებიც მოვისმინეთ, თუ როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი კომფორტულად და როგორ შევარჩიოთ სამოსი. თუმცა მანამდე ექსკლუზიურად გაგვიმხილა, რომ სულ მცირე ხანში მისი საახალწლო ალბომი გამოვა, სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, 25 სიმღერა შევა, 15 ძველი და ათიც ახალი.
- ნინო, ბოლოს ''მარაოზე'' გამოჩნდი, ნინას გადაცემაში, სადაც შენი გარდერობის დათვალიერების უფლება მიეცი. ბევრი აზიარებდა ამ ვიდეოს და თეთრი შურითაც შეგვშურდა ქალებს შენი. რამდენი ხანი აგროვე ამდენი ''შანელი''?
- (იცინის) არ მინდოდა გადაცემაში მონაწილეობა, მაგრამ ნინა ჩემი მეგობარია, ძალიან მთხოვა და დავთანხმდი. ჩაცმა სკოლის პერიოდიდან მიყვარს, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ისეთი რაღაცები შემეძინა, რაც ჩემს განწყობას გამოამჟღავნებდა, მაგალითად, მქონდა მძივებიანი ჩანთა. მოდის ტენდენციები გასაგებია, მაგრამ მე ჩაცმა მიყვარს ხასიათიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომაც ვიცვლი თმის ვარცხნილობასა და ფერს. არ მინდა, სულ ერთნაირად გამოვიყურებოდე, პირველ რიგში, ჩემთვის და შემდეგ მაყურებლისთვის. ამ გარდერობს საკმაოდ დიდი ხანია ვქმნი და ვაგროვებ. მაგალითად, მაქვს ათი წლის წინანდელი სამკაული, რომელსაც დღესაც ვიკეთებ.
- შენი გარდერობი მრავალფეროვანია. ''შანელის'' გარდა, რომელსაც ხშირად ახსენებენ ხოლმე შენთან დაკავშირებით, ბევრი სხვა ბრენდიც გაქვს.
- ალბათ, ''შანელის'' თემა უბრალოდ, გაპიარდა, ისეთი ბრენდია, რომ სხვებთან შედარებით უფრო ჩანს და ყვირის, თორემ მაქვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ბრენდები, მაგალითად, ''ეიჩ ენდემი'', ''ზარა'', ''რიკი ოუენსი'' თუ ''მარჯიელა''. ბრენდების გამო არ ვყიდულობ ტანსაცმელს, შემიკერია და ვიკერავ კიდეც სამოსს. მთავარია, ლამაზი იყოს და მასში თავს კომფორტულად გრძნობდე. როცა ვფიქრობ, რომ გადაცემაში მინდა წითელი კაბის ჩაცმა, უკვე წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს. თავად რომ მოგწონს შენი ჩაცმულობა, შემდეგ სხვასაც აწონებ თავს. შესაძლოა, გეცვას ძალიან ძვირფასო სამოსი, მაგრამ არ გრძნობდე თავს კარგად. მე კარგი მკერავები მყავს, ბევრ ძვირიან კაბაზე უკეთ მომირგია მათი შეკერილი სამოსი.
- ნინასთან ისიც თქვი, რომ ზოგიერთი რამ ბრენდებიდან პატენტებია.
- არ ვწუწუნებ, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, რომ მთელი გარდერობი ორიგინალებით იყოს გავსებული. პატენტების მორგების პრობლემა არ მაქვს. ვთქვათ, ჩანთა, რომელიც ძალიან მინდა, მაგრამ ძვირი ღირს, ვერ ვყიდულობ, ამიტომაც შევიძენ პატენტს 150 ლარად და კმაყოფილი ვიქნები.
- ცნობილებს შორის ვის აქვს, შენი აზრით, ყველაზე კარგი გარდერობი?
- ნინას. მრავალფეროვანი გარდერობი აქვს, ჩემსას მაგონებს და ჩემს გემოვნებასთან ძალიან ახლოს არის. სპორტული სამოსიც აქვს, შავი კაბაც, ცდილობს, მისი ჩაცმულობა იყოს ახალი, კრეატიული და მოდური.
- ყველაზე იაფიანი რა მოიპოვება შენს გარდერობში?
- ყვითელი ქვედაბოლო, ძალიან ლამაზი, რომელშიც მივეცი 25 ევრო. მაქვს საკმაოდ იაფიანი, ე.წ. ''ფუტბოკლა'' მაისურები. ეს ყველაფერი ''ეიჩ ენდ ემში'' ვიყიდე. ანტვერპენში რომ ვიყავი, რაღაცები საკმაოდ იაფად შევიძინე. პარიზში ყოფნისას ორი წლის წინ ვნახე ''მარჯიელას'' კოლექცია სპეციალურად ''ეიჩ ენდ ემისთვის'' და ჰქონდა ძალიან ლამაზი აქსესუარები. ალექსანდრე ვანგმაც იმუშავა ამ ბრენდთან და სიამოვნებით შევიძენდი ამ კოლექციიდან სამოსს.
იხილეთ გაგრძელება