თაღლითური სქემის შესახებ, რომელმაც პენსიონერები დააზარალა, "პირველი არხი" იუწყება. თაღლითების "წყალობით" თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში მცხოვრები პენსიონერები პენსიას, სავარაუდოდ, დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვერ აიღებენ.
"მოამბის" ცნობით, ყოველთვიური დანამატისა და სურსათის მიცემის დაპირებით, საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით მოქმედმა პირებმა ხანდაზმული მოსახლეობის ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.
პენსიონერების თქმით, უცნობი პირები მათ ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" სახელით გაეცნენ და დაპირდნენ, რომ ყოველთვიურად პენსიაზე 250 ლარიან დანამატს, 5 ლიტრ ზეთს, 5 კილოგრამ შაქარსა და ერთ ტომარა პურის ფქვილს მისცემდნენ, სანაცვლოდ კი ხელი მოაწერინეს საბუთებს, რომლის შინაარს არ გაცნობიან.
ამის შემდეგ თაღლითებმა პენსიონერები პენსიის ასაღებად ტყიბულისა და ზესტაფონის "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში წაიყვანეს. პენსიონერები ბანკში თავად არ შესულან; მათი თქმით, საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ ბანკიდან ერთი თვის პენსია გამოუტანეს და სოფელში დააბრუნეს. თაღლითობის ფაქტის შესახებ კი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ მამაკაცს პენსიის წინასწარ აღება დასჭირდა და ბანკში მისულს 8 თვის თანხა გატანილი დახვდა. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა პენსიონერებიც.
"90 წლის მოხუცს მაგდენი მხედველობა არ მაქვს, რომ წამეკითხა, რა ეწერა, სანამ ხელს მოვაწერდი. პენსიის მომატებას შეგვპირდა, მაგრამ მომატება კი არა, წაიღეს, ამოგვაცალეს პირიდან ლუკმა", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
"მოამბესთან" საუბრისას მომხდარზე შეშფოთებას გამოთქვამს ორგანიზაცია "წითელი ჯვარი". როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, მსგავსი შემთხვევა გარდაბანშიც დაფიქსირდა.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ანალოგიური შემთხვევა გარდაბანშიც მოხდა და ჩვენთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ ეს ჯგუფი დაკავებულ იქნა გარდაბნის პოლიციის მიერ. დარწმუნებული ვართ, რომ პოლიცია ამ ფაქტსაც გამოიკვლევს", - ამბობს "წითელი ჯვრის" წარმომადგენელი თემის კომენტირებისას.
თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში მომხდარ ამ ფაქტზე საქმე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.