მაიკო ნ. თბილისში ცხოვრობს და ორ ბიჭს ზრდის. ერთ-ერთი მისი მულისშვილია, მაგრამ მას საკუთარი შვილისგან ვერ ანსხვავებს. ახლახან მაიკო საკმაოდ მძიმედ აღსაქმელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა და დღემდე გაურკვევლობაშია, არ იცის როგორ მოიქცეს...
- ჩემი მული 21 წლის იყო, ოჯახი რომ დაენგრა. მაშინ მე მისი რძალი ჯერ კიდევ არ ვიყავი, უბრალოდ მათ ოჯახში ხშირად დავდიოდი და საკუთარი თვალით ვხედავდი, რა მძიმედ გადაიტანა ნატომ ქმართან დაშორება. გაყრის მიზეზი კი ნარკოტიკი იყო, რომელსაც ჩემი მულის ქმარი წლების განმავლობაში მოიხმარდა. რასაკვირველია, ნატომ ეს ყველაფერი იცოდა, უბრალოდ, ქმრის გამოსწორების იმედი ჰქონდა. თუმცა იმ კაცს არაფერი ეშველა. ნატომ სამი წელი უყურა თავის ნახევრად გათიშულ ქმარს, მერე ჩანთა ჩაალაგა, ბავშვს ხელი მოჰკიდა და დედამისთან დაბრუნდა. ჩემს მეუღლეს მამა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდა. ჩემი დედამთილი 32 წლის იყო, როცა დაქვრივდა და მეორედ აღარ გათხოვილა. ერთი წლის შემდეგ მე დათოს ცოლი გავხდი. დედამთილი თბილად დამხვდა, ისევე როგორც ნატო. იმ პერიოდში მული არ მუშაობდა.
არც მე და მთელ დღეებს ერთად, ჭორაობაში ვატარებდით. მერე მეგობარმა სამსახური დამაწყებინა. აფთიაქში ვმუშაობდი, დილას მივდიოდი და საღამოს 9-ზე უკვე სახლში ვიყავი. ამ ხნის განმავლობაში ნატო თავის შვილთან ერთად მარტო რჩებოდა. ნელ-ნელა ბავშვის მიმართ გული აუცრუვდა. ერთი ორჯერ ჩემ თვალწინ ხელიც დაარტყა. ვერ გავბედე რამე მეთქვა, ჩემმა ქმარმა დას ასეთი საქციელის გამო უსაყვედურა, მაგრამ ის მაინც თავისას არ იშლიდა და სულ უფრო მეტად იცვლებოდა. თუ ადრე გარეთ გასვლა არ უნდოდა და არც მეგობრების სტუმრობა უხაროდა, ახლა შინ აღარ ჩერდებოდა. ბავშვი თან არ მიჰყავდა. მიზეზად იმას ასახელებდა, რომ ვითომ სამსახურს ეძებდა.
ჩემი დედამთილი იძულებული გახდა სამსახურისთვის თავი დაენებებინა და შვილიშვილისთვის მიეხედა.