რამდენიმე დღის წინ აფხაზეთი მესიზმრა. არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სიზმრად სოხუმის ქუჩებში დავდიოდი... ყველაფერი ახლობელი იყო. მზის სხივებით ოქროსფრად მოელვარე სოხუმის ზღვაც ვნახე, ნოსტალგიით გაჟღენთილი ნიავი რომ მოჰქონდა... გამეღვიძა... კარგა ხანს ვერ დავიძინე, თავში მხოლოდ უცნობი ქალაქის ქუჩები მიტრიალებდა. ამეკვიატა - ნეტავ როგორია სოხუმი? ისეთივე, როგორიც სიზმარში?! უცებ ჩემი მეგობარი დუდანა გამახსენდა, სოხუმის დაცემის შემდეგ, შარშან პირველად რომ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში. ის ყოველდღე ხედავს სიზმარს და იქ დაბრუნების იმედით ცხოვრობს. ალბათ, ოდესმე მეც ვნახავ ენგურსგაღმა საქართველოს, რომელიც 90-იან წლებში დავკარგეთ... და იყო საქართველო - ნაომარი, გაჭირვებული, ჩაბნელებული, გაყინული... და გაჩნდა იდეა ახალი გაზეთისა, რომელიც გაუსაძლისი ყოფით დამძიმებულ მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიდა და რაც მთავარია, მომავლის იმედს ჩაუსახავდა.
1995 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" დაიბადა.
"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი წამივით ჩაწვეთებული. მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა. თანდათან იმძლავრა... მარტოობაში აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა. ფიქრების ავტორს თანამოაზრეები გაუჩნდა... ფიქრი იგი იყო - გაზეთის გამოშვება. უბინაობა, უმისამართობა, უკომპიუტერობა და უხელფასობა - ეს ყველაფერი იყო, და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში, თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო"...
გაზეთის პირველი მთავარი
რედაქტორი ლალი გუნთაიშვილი
2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. რამდენიმე თვეა რედაქციაში დიდი ფუსფუსია - საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რედკოლეგია ერთგულ მკითხველს სიურპრიზს უმზადებს - მალე გამოვა საიუბილეო ხუთტომეული - "ჩვენი ეპოქა".
20 წლის წინ...
ნუცა დუმბაძე "კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორის, ლალი გუნთაიშვილის მოადგილედ წლების განმავლობაში მუშაობდა. "ჩვენი ეპოქის" ხუთტომეულისთვის მასალების შეგროვება გაზეთის არქივიდან, ძველ თანამშრომლებთან ერთად, სწორედ მას მიანდვეს...
- იდეა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა და 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყდა, გამოცემულიყო ხუთტომეული სახელწოდებით "ჩვენი ეპოქა". ბოლო, მეხუთე ტომი სწორედ 2015 წლის აპრილში გამოვა... ახლა გაზეთის ძველ ნომრებს რომ ვკითხულობთ, ყველაფერი თავიდან ცოცხლდება. რამდენიმე თვეა, რაც წიგნზე ვმუშაობთ და პირველი ტომისთვის 1995-დან 1999 წლამდე გამოშვებული გაზეთის ყველა ნომერი თავიდან ბოლომდე გადავიკითხეთ. ძალიან მძიმე და შრომატევადი საქმეა, თუმცა, იმავდროულად ძალიან სასიამოვნოც.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... იმდენი საინტერესო რამ ხდებოდა წარსულში, რომ ვფიქრობ, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს! ბევრ მოვლენას, ახლა უკვე წლების შემდეგ, სხვაგვარად აღიქვამთ და დაინახავთ, გაიხსენებთ უახლეს ისტორიას. საკუთარი ქვეყნის დოკუმენტური ისტორია უნდა იცოდეს მომავალმა თაობამაც. ფაქტობრივად, ეს იქნება ჩვენი 20-წლიანი ისტორიის მატიანე. მით უმეტეს, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ჯერ არ გამოცემულა. ამ წიგნის გამოცემა საამაყო და საპასუხისმგებლო ტვირთი გახლავთ... ამ სამუშაოს შემსრულებლებად, ჩვენ, "კვირის პალიტრის" პირველი თაობა შეგვარჩიეს, რადგან თითოეულმა გაზეთში დაბეჭდილმა ინფორმაციამ
ჩვენს გულსა და გონებაზე გაიარა...