ქეთი ჩხეიძე წლებია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და სცენაზე არაერთი საინტერესო სახე აქვს შექმნილი. სერიალშიც საკმაოდ დაუგროვდა გამოცდილება. ჯერ იყო და "ყავა და ლუდში" ტასიკოს როლი ჰქონდა, შემდეგ "შუა ქალაქში" ლიანა დეიდა, დათო ალექსიძის სიდედრი განასახიერა და ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" იმერელი ქალბატონია, სახელად ნუნუკა, ბაქარის დედა. საოცრად თამაშობს პროვინციელ ქალბატონს, - მაყურებელს პირველივე გამოჩენისთანავე დაამახოვრა თავი.
"ამბები.გე" ქალბატონ ქეთის გაესაუბრა.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" პროვინციელი ქალბატონის როლი გაქვთ, რომელსაც სახასიათო იმერული კილო აქვს. თქვენი პერსონაჟი დადებით ემოციას იწვევს...
- ჰო, ჩემი გმირი ღორეშელი ქალია (სიცილით ამბობს)...
- ჩხეიძე ხართ და ალბათ, ამიტომაც ასახიერებთ ასე იმერელ ქალბატონს, არა?
- მართალია წარმოშობით იმერელი ვარ, მაგრამ კახეთში გაზრდილი. ბებია თელავში სამშობიაროს მთავარი ექიმი გახლდათ, წლების წინ სამუშაოდ იქ გაამწესეს და სახლიც მისცეს. ჰოდა, ჩემი მშობლებიც თბილისიდან თელავში გადავიდნენ. ბაღშიც იქ დავდიოდი და მერე უკვე თბილისში წამომიყვანეს.
- ე.ი. მოსალოდნელია, რომ თელავური კახური კილოთიც მოგვევლინოთ რომელიღაც როლში?
- თელავურმა უკვე გაიელვა, როცა მარჯანიშვილის თეატრში დარეჯანი ვითამაშე სპექტაკლში "ლუარსაბ თათქარიძე".
- როგორი სათამაშოა ღორეშელი ქალბატონი?
- ჩემს თავზე ალბათ გამიჭირდება რაიმეს თქმა, როგორ ვთამაშობ, მაგრამ რადგან მაყურებელს მოსწონს, ძალიან მიხარია და ცოტა შეშინებულიც ვარ, რამე არ შემეშალოს.
- ასე კარგად სად ისწავლეთ იმერული დიალექტი?
- მქონია ურთიერთობა იმერლებთან. ჰოდა, ავიღე ეს იმერული კილო და რაღაცნაირად მოვარგე ამ ქალს. სცენარი რომ იწერება, ხომ ჩანს, როგორია და ვინ არის ის ქალი. როგორც თავიდან მითხრეს, ჩვეულებრივი ქალბატონია, თავისი პრობლემებითა და გაჭირვებით. რატომღაც ისეთი განწყობა შემექნა, რომ ალბათ კარგი ქალია, კეთილი-მეთქი, - ასე შევხედე მას. მერე გეუბნებიან, რა უნდა გააკეთო, ისე არ არის, რომ რაც შენ გინდა, ის აკეთო და როლიც ნელ-ნელა, სცენარისტთან, რეჟისორთან ერთად იქსოვება.
- თქვენი გმირი გულწრფელი ქალბატონია, შვილი თბილისში ჩამოიყვნა, ნათესავების ოჯახში საიმედოდ დააბინვა და ამ დროს შვილისგან მოულოდნელი ელდა მიიღო, რადგანაც ბაქარმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ცოლად მოიყვანა...
- პრინციპში ძალიან ბანალური ამბავია, არა?
- კი, მაგრამ აქ თქვენი ოსტატობა თავისას შვრება და ბაქარის როლის შემსრულებელი - ბუბა მათნაძეც ძალიან კარგად თამაშობს...
- კი, კარგი ბიჭია. ხანდახან ბედი ასე ახვედრებს ადამიანს იქ, სადაც საჭიროა და ეს ბავშვიც მოხვდა, რასაც დაემთხვა მისი ბევრი მონაცემი, რაც მას ბუნებრივად აქვს. დიახ, ის იმ მოთხოვნებს მოერგო, რომელიც არის სერიალში. ამას დიდი მნიშვნელოაბა აქვს.
ხშირად მოდის ადამიანი, თავისთავად ნიჭიერი, მაგრამ ისე ხდება, რომ ვერ ემთხვევა, აქ რაღაცნაირი დამთხვევა მოხდა. მოკლედ, შეიძლება, რომ ასეთი ბიჭის დედაც ვიყო მე ... ამ ყველაფერზე ხალხი ფიქრობს, ჩვენზე არ არის მხოლოდ რაღაცები დამოკიდებული...
- ქალბატონო ქეთი, ცნობილია, რომ ხართ რეჟისორ გიზო ჟორდანიას მოსწავლე და იმ ცნობილი ჯგუფიდან, რომელმაც ქართულ სცენას ნიჭიერი მსახიობები მისცა. თქვენი ჯგუფელები არიან: ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, მერაბ ნინიძე, ლევან წულაძე, ლევან ბერიკაშვილი...
- დიახ, თუკი რამე ვისწავლე, ეს ყველაფერი ინსტიტუტში მოხდა, იქ მასწავლეს, ჩემმა პედაგოგმა მომცა ის, რაზეც შემდეგ ყველაფერი აიგო. ინსტიტუტის შემდეგაც ხომ იძენ რაღაცას, მთავარ ხელობას, მაგრამ თუ თავის დროზე სწორად აგიხსნეს, სწორად გაგაგებინეს, რას ემსახურება საერთოდ მსახიობობა. რა განსხავავებაა ესტრადასა და სცენას, კინოს შორის და ა.შ. რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ რაღაცები გამოგდის. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში სჭიროა ცოდნა. მგონია, რომ გიზო ჟორდანიამ და ჩვენმა პედაგოგებმა რაღაც გამაგებინეს. კარგად მახსენდება ის პერიოდი და იქიდან ბევრი რამ წამოვიღე.
რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ვიყავით ექვსი გოგო და ექვსი ბიჭი: ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, ნინო თარხან-მოურავი, მაია ფაჩუაშვილი, ჯულიეტა ბალაკარი, გოჩა კაპანაძე, მერაბ ნინიძე, ირაკლი მაჭარაშვილი, ლევან წულაძე, ლევან ბერიკაშვილი, ნიკა დგებუაძე. ეს რაღაც მართლა ბედისწერა იყო, შემთხვევითი ამბავი არ არის, რომ 99 % ჩვენი ჯგუფიდან გამარჯვებული ადამიანია თავის საქმეში.
- რაკი დედის როლს თამაშობთ, გვითხარით, ცხოვრებაში როგორი დედა ხართ?
- რა ვიცი, ჩვეულებრივი დედა ვარ. ორი შვილი მყავს. გოგონა 18 წლის არის, სკოლას ამთავრებს და ბიჭი 23 წლისაა, ის უნივერსიტეტს ამთავრებს.
- ანუ ისეთი ემოციური დედა არ ხართ, როგორც ბაქარის მიმართ?
- ემოციური ალბათ, ვარ, მაგრამ უფრო ვცდილობ, ვიყო გაწონასწორებული. რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ შვილებთან დიდი ბრძოლა არ მიწევს, ყველაფერი მშვიდად არის... მოკლედ, რაღაცნაირად ვახერხებ, რომ ვიმეგობრო მთთან. ცოტა ხანს, ალბათ, კიდევ გამომივა ასე და მერე ვნახოთ (სიცილით ამბობს).
- მოსწონთ შვილებს თქვენი ახალი ეკრანული სახე?
- გოგონა ჰუმანიტარია, ხელოვნების, თეატრის თაყვანისმცემელი და თეატრშიც ხშირად დადის და ძალიან გაკვირვებული არ არის, ადევნებს ამ ყველაფერს თვალს. ვაჟი კი ცოტა გაკვირვებულია, ხანდახან იძაბება კიდეც, უჭირს რაღაცების უემოციოდ შეხედვა, ბიჭები ცოტა სხვანაირად ნერვიულობენ და განიცდიან დედებზე... განიცდის იმიტომ, რომ უნდა რაღაც დონეზე იყოს ეს ყველაფერი, იამაყოს და ამიტომ არის დაძაბული... ასე რომ, ნუნუკა უკვე ჩვენი ახლობელი ქალბატონია...
ლალი ფაცია
სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის