ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში მიღებული კანონპროექტები საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
კანონპროექტების ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შედის, თუმცა ნაწილი 2015 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება. ამ კონტექსტში, ძირითადად, საუბარია იმ ნორმებზე, რომელიც ე.წ. მეორე გასაღების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემისთვის საჭირო ტექნიკურ უზრუნველყოფას მოითხოვს.
პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი სამი მოსმენით, 28 ნოემბერს დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ცვლილებები ოთხ შემდეგ კანონში განხორციელდა: - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში, "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში და "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში. პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტებს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გუშინ დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონპროექტთა პაკეტს ხელი მოაწერა.
აღნიშნული კანონპროექტების პაკეტით, ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. მან ამის შესაძლებლობა ე.წ. გასაღების დატოვებით შეინარჩუნა. მეორე "გასაღები" კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადავიდა და როგორც პროექტის ოპონენტები ამბობენ, ის მხოლოდ ფარული სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს.
შესაბამისად, შსს-ს დაუკანონდა დროებითი ვადით, 1-ელ დეკემბრამდე მიცემული უფლებამოსილება - ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. რეალურ დროში ინფორმაციის მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს "ოტო" განახორციელებს უშუალოდ, სასამართლო განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.