ნანიკო ხაზარაძე: ''მეკითხებიან, ''იმედის კვირაში'' რა გინდაო…''

ნანიკო ხაზარაძე: ''მეკითხებიან, ''იმედის კვირაში'' რა გინდაო…''

დიდი ხანია, ნანიკო ხაზარაძეს ეკრანზე ვხედავთ და ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში გამობრძმედილ ინგა გრიგოლიასთან, ეკა ხოფერიასა და შალვა რამიშვილთან ერთად პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გადაცემის წამყვანად ვიხილავდით. ''იმედის კვირაში'' ნანიკო დუტასთან ერთად ჩაერთო და უკვე რამდენიმე გადაცემაა, მსახიობები ცდილობენ, კარგად გაერკვიონ, რა ხდება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში. ნანიკოს გადაცემის შესახებ ვესაუბრეთ.

- ''იმედის კვირა'' არ არის პოლიტიკური, ის უფრო მეტად სოციალურია, უბრალოდ, ეხმაურება ყველა აქტუალურ თემას და პირველი გადაცემების განმავლობაში სულ პოლიტიკური თემები იყო წინ წამოწეული. რა გინდა, ტოპათეულის სათავეში მოექცა.

- თავიდან ხუმრობა მეგონა, როცა წამყვანების ვინაობა გაცხადდა.

- თურმე, ჩემს კანდიდატურას დიდხანს ისე განიხილავდნენ, რომ მე არ ვიცოდი. წამყვანებთან დაკავშირებით სრული ეკლექტიკაა და თვითონაც არ გვჯეროდა, რომ ერთად უნდა წაგვეყვანა გადაცემა. ეს იყო ტელეკომპანია ''იმედის'' ხელმძღვანელობის იდეა. ვფიქრობ, ცუდი გადაწყვეტილება არ არის. ერთ სივრცეში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვსხედვართ, რომელთა შეხედულებებიც მაყურებელმა მეტ-ნაკლებად იცის. პირადად მე არასდროს მიმუშავია ისეთ ფორმატში, სადაც საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ თემაზე ვერ გამოვთქვამდი, პირიქით, ამის საშუალება ყოველთვის მქონდა. შესაძლოა, ინგა გრიგოლიასთვის ეს მართლაც პირველია, რადგან მას მიჰყავს პოლიტიკური თოქშოუ, სადაც მას სუბიექტურობის უფლება არ აქვს და არც არასდროს ყოფილა. გადაცემას რომ გეგმავდნენ, საუბრობდნენ, უნდა ვიყოთ თავისუფლად და ის ვთქვათ, რასაც ვფიქრობთო. მე კი გამიმართლა და სულ ისეთ გადაცემებზე და ისეთ პროდიუსერებთან მიწევდა მუშაობა, რომ არასდროს დამიმალავს ჩემი სუბიექტური აზრი არც თემის და არც სტუმრის მიმართ. მქონია ძალიან მწვავე თემები და სტუმრებიც მყოლია ასეთი, ახლა ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ერთ სტუმარს სარჩელი ჰქონდა გამზადებული და უნდოდა, ჩემთვის ეჩივლა. მე კარგად მახსოვს ეს ამბავი და ბევრ მაყურებელსაც ახსოვს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეთერში სრული თავისუფლება მქონდა. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, უზრდელი ნამდვილად არ ვარ და მიმაჩნია, რომ კულტურული ადამიანი ვარ, მაგრამ ზოგიერთ ეთერში ჩემი აზრი რადიკალურად გამომითქვამს.

- ახლა მაინც უფრო მეტი საშუალებაა, რადგან პოლიტიკური თემები ჭარბობს და მკაფიოდ გიწევს საკუთარი აზრის დაფიქსირება.

- სხვა გადაცემებში მეტ-ნაკლებად იცი, რა უნდა ჰკითხო სტუმარს და რა - არა. აქ კი არავინ ვიცით. ღია ეთერში, ჩვეულებრივი მაყურებლის პოზიციიდან, რა შეკითხვაც გაგიჩნდება, ის უნდა დასვა. რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკურია თუ არა. ყველანაირ პრობლემაზე ადამიანური ენით ვლაპარაკობთ. მერე რა, რომ პოლიტიკურ თემაზე არასდროს მიმუშავია. როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მეც მაქვს კითხვის დასმის უფლება, რატომაც არა, პირიქით, კარგია.

- პოლიტიკაში ერკვევი?

- მეტ-ნაკლებად. რა თემებსაც შევეხეთ, ჩემმა შვილმაც კი იცოდა, ამიტომ არ გამჭირვებია. მაგრამ რაღაც თემებში მართლა ვერ ვერკვევი და მაქვს საშუალება, რომ ადგილზე გავერკვე. გადაცემას, სხვებთან ერთად, ერთი პლუსი აქვს, ერთი ხაზი არ აქვს დაცული, სიყვარულიდან შეიძლება, სიტყვაზე ვამბობ, გადაინაცვლო პლანეტების თემაზე, საიდან სად გადადიხარ, თავად არ იცი. არის სპონტანურობა, არავინ ვიცით, ვინ რა შეკითხვას დასვამს. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.

- რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს შეცვლილ ამპლუაში?

- თავიდან ყველა ჩვენგანი ძალიან ნერვიულობდა. მე ძალიან ხშირად მიმუშავია წყვილში, რაც სრულიად ცალკე საკითხია. დუტასთან ერთად ვყოფილვარ ეთერში, დანარჩენი წამყვანები ჩემთვის ძალიან ახალია. მეორე და მესამე გადაცემაზე უკვე აღარ მიღელვია.

- ალბათ, ძალიან საპასუხისმგებლოა.

- ყველა სამუშაო, მათ შორის, ვთქვათ, მეეზოვის, ძალიან საპასუხისმგებლოა. დილას სახლიდან ადრე გამოვდივარ და ვხედავ, როგორ ასუფთავებენ ქუჩებს მეეზოვეები. ისინი რომ არა, ნაგავში დავიხრჩობოდით. ასე რომ, პასუხისმგებლობა ყველა საქმეში საჭიროა.

- ჩვეულებრივი მაყურებლის რეაქცია როგორია?

- მანდ რა გინდაო, ხშირად მეკითხებიან. მეც ვეუბნები - მინდა (იცინის).

- სოციალურ ქსელებში გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ იმასაც, რომ ინგა, შალვა და ეკა მთავრობის პოზიციას იცავენ, ნანიკო და დუტა კი, ''ნაციონალებისასო'', ანუ მთავრობის საწინააღმდეგოს.

- სად დაინახეს?!. მახსოვს, ერთ გადაცემაში ვთქვი, ყველა მთავრობა გვპირდება, რომ აფხაზეთში დაგვაბრუნებს, წლები გადის და ეს დაპირება არ სრულდება-მეთქი. სხვა მეტი არაფერი მახსოვს, აქედან გამოიტანეს ეს დასკვნა? ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით.

- კიდევ წერდნენ, გადაცემა ჭორაობას ეთმობაო, ლელა კუკულიას სტუმრობასთან დაკავშირებით.

- იმიტომაც არ უყურა მთელმა საქართველომ და იმიტომაც არ გაივსო გადაცემის ''ფეისბუქი'' თხოვნებით, იქნებ, ქალბატონმა ლელამ მიგვიღოსო.

გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები