36 წლის გევორქ პეტროსიანმა ''ნიჭიერის'' მაყურებელს კიდევ ერთი სალაპარაკო თემა მისცა. კონსერვატორიის დი პლომიანი ტაქსის მძღოლი მაყურებლისთვის მისი პირადი ისტორიით გახდა საინტერესო. მომღერალმა პირდაპირ სცენიდან გამოაცხადა, იეღოველი ვიყავი და სიმღერისთვის ამიტომ არ მეცალაო.
- ცოტა აჟიტირებული ვარ. არ მეგონა, ჩემს სიმღერას ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. საქართველოში ყველა მღერის, მერე რა, რომ ტაქსისტი ვარ. მე მაინც მგონია, რომ ხალხი ჩემი ამბით დაინტერესდა. თავისი ნებით იეღოვას სექტიდან არავინ მოდის. ჩემი ''ნიჭიერში'' გამოსვლით მინდოდა, ხალხისთვის მეთქვა, თუ როგორი ტოტალიტარულია იეღოვას სექტა. იქ ადამიანის საუკეთესო თვისებებს ახშობენ. სიმღერის უფლებაც კი არ გაქვს.
- რა მიზეზით არის აკრძალული სიმღერა?
- იმ მიზეზით, რომ ხვალ იქნება არმაგედონი და აღარ იარსებებს საზოგადოება, რომლისთვისაც შენ მღერი. ზოგადად, კარიერის გაკეთება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში აღარ გრჩება დრო, იყო ამ ორგანიზაციის აქტიური წარმომადგენელი.
- კიდევ რა იკრძალება?
- დაბადების დღის, ახალი წლის აღნიშვნა.
- რამდენ ხანს იყავი ამ გაერთიანებაში?
- გაერთიანება (იღიმება)? კარგად ჟღერს, მომწონს. გაერთიანება რომ იყოს, კიდევ ჰო, ეს სექტაა და თავისი კანონები აქვს. ათი წელი ვიყავი ამ სექტაში და ერთ-ერთი ლიდერი გახლდით.
- როგორ იზიდავენ ადამიანებს, მხოლოდ რწმენით? ფინანსური დაინტერესება არ არის?
- ამ სექტის წარმომადგენლები ვერ სარგებლობენ შემწეობებით, თუ დამთავრებული არ აქვთ სამისიონერო სკოლა ბრუკლინში. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია მოღვაწეობას გისპონსორებს. ამისთვის საჭიროა ორგანიზაციის ისტორიის, დოქტრინების, ინგლისურის ზედმიწევნით ცოდნა და მთავარი, ჯანმრთელობა უნდა გიწყობდეს ხელს შემდგომი მოღვაწეობისთვის.
- შენ რა დაინტერესება გქონდა?
- ფინანსური ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, მე იქით ვყრიდი ფულს შესაწირ ყულაბაში. პირდაპირ გიპასუხებთ, მეგონა, რომ ეს იყო ჭეშმარიტება.
- როდის მიხვდი, რომ შეგეშალა?
- როცა დამოუკიდებლად დავიწყე კვლევა. არ დავჯერდი ბრუკლინის წიგნებს და წმინდა მამების ნაშრომების კითხვა დავიწყე.
- ოჯახი გვიან შექმენი?
- სკოლა რომ დავამთავრე, ვულკანიზაციაში ვმუშაობდი, იქ აღმოვაჩინე, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. ლუჩანო პავაროტი მღეროდა რადიოში და ავყევი. ჩავაბარე კონსერვატორიაში. რომ მკი-თხეს, რა ნოტს ხურავო, ვერ გავიგე. ჩემთვის ეს მუსიკალური ტერმინოლოგია უცხო იყო. მერე მქონდა სპექტაკლებიც. კონსერვატორია რომ დავამთავრე, სექტაში მოვხვდი. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად. 7 წლის შვილი გვყავს.
- შენს სექტიდან წამოსვლას მეუღლე როგორ შეხვდა?
- ძალიან რთულად, ეს ეტაპობრივად მოხდა, მეუღლეს ფსიქოლოგიურად ვამზადებდი. კარდაკარ ქადაგება მინიმუმამდე დავიყვანე, მაგრამ ვერ ვუმხელდი რატომ. რომ მეთქვა, აღარ მწამს ეს სარწმუნოება-მეთქი, განდგომილის იარლიყს მომაკრავდნენ. განდგომილთან ცხოვრება არ შეიძლება. მე მისთვის საფრთხეს წარმოვადგენ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დადგა დრო, როცა უნდა მეთქვა. ხუთი წუთი ვთხოვე ყველაფრის ასახსნელად, რომ მისგან კი არა, ორგანიზაციიდან მივდიოდი. ეს ერთი და იგივე არ არის, მე არ ვეთანხმები მათ, მაგრამ შენ მიყვარხარ-მეთქი, ვუთხარი. ყურებზე ხელი აიფარა, არაფრის გაგონება არ მინდაო. 6 დღის მერე წავიდა.
იხილეთ გაგრძელება