"ვისაც მეტი ოქრო აქვს, მსოფლიოსაც ის მართავს" - ასეთი იყო ძალაუფლების ფორმულა ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში. გარკვეულ წილად ეს გამოთქმა დღესაც აქტუალურია. ძვირფას მეტალზე დიდმა მოთხოვნილებამ, ალქიმიკოსების გამოჩენა განაპირობა. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ალქიმიკოსები მეფეებსა და იმპერატორებს უბრალო მეტალების ოქროდ გადაქცევას პირდებოდნენ. ისინიც, სარფიანი წინადადებებით მოხიბლულნი, ალქიმიკოსებს დიდძალ თანხებს უხდიდნენ და უნებურად მეცნიერებას აფინანსებდნენ.
ალქიმიას საფუძველი 2 000 წლის წინ ეგვიპტეში ჩაეყარა. მისი არსი უბრალო მეტალების ძვირფასად - უმეტესად, ოქროდ გადაქცევაში (ტრანსმუტაციაში) მდგომარეობდა. ქვეყნის ეკონომიკაში ოქრო დიდ როლს ყოველთვის თამაშობდა.
ალქიმიკოსებმა ქვეყნის მმართველების ყურადღება მალევე მიიქციეს. მაგრამ ფილოსოფიური ქვის (მთავარი ინგრედიენტი უბრალო მეტალის ოქროდ გადაქცევისთვის) შესაქმნელად სოლიდურ თანხებს ითხოვდნენ. გარკვეულწილად მეცნიერების დაფინანსების პირველი პრობლემა სწორედ მაშინ წარმოიშვა. დღეს სამეცნიერო კვლევების მექანიზმი გამართულად მუშაობს. ერთის მხრივ, არის სახელმწიფო, რომელიც ინოვაციების განვითარებითაა დაინტერესებული. მეორეს მხრივ კი - კერძო ბიზნეს-სექტორი, რომელიც საკუთარი კაპიტალის გაზრდისთვის სხვადასხვა ინოვაციებს ხშირად აფინანსებს.
ანტიკურ ხანაში, ისევე როგორც შუა საუკუნეებში, ხაზინას ქვეყნის მმართველი განაგებდა. ფილოსოფიური ქვის შექმნის წარმატებული "პრეზენტაციის" შემთხვევაში მმართველი ალქიმიკოსს აფინანსებდა. სპონსორის უკმაყოფილებისას დაფინანსება უმალვე წყდებოდა. ხშირად საქმე ალქიმიკოსების სიკვდილით დასჯამდეც მიდიოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ალქიმიკოსებს შიშით უყურებდა.
რომის იმპერატორ დიოკლეტიანის მმართველობისას, დასუსტებულმა ეკონომიკამ რეგიონებში ხალხთა ამბოხი გამოიწვია. ალქიმიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ოქროს მიღების საიდუმლოს მიაგნეს, ხალხს აქეზებდნენ და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ. იმპერატორმა მკაცრად იმოქმედა. ამბოხი ლეგიონებმა ჩაახშეს. ალქიმიკოსებს თავები მოკვეთეს. წიგნები კი რომლებშიც ვითომდა ძვირფასი მეტალების მიღების "რეცეპტი" ინახებოდა - დაწვეს.
რომი და ალქიმიკოსები საერთო ენის მოძიებას დიდი ხანი ცდილობდნენ. XIV საუკუნეში, რომის პაპმა იოანე XXII ალქიმიკოსები ანათემაში დაადანაშაულა. ეკლესიამ მათ ბრალი საიდუმლო რიტუალებში მონაწილეობასა და ეშმაკთან მოლაპარაკებებში დასდო.
იმ პერიოდში ალქიმიკოსები ხელისუფლებისგანაც ზარალდებოდნენ. საკუთარი ტყუილი და მმართველების გაუმაძღრობა მათ მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებდა. XVI საუკუნეში ალქიმიკოსმა მარია ციკლერმა საკუთარ სპონსორს - ჰერცოგ იური ბრაუნშვეიგს უბრალო მეტალის ოქროდ გადაქცევის ყალბი ფორმულა უბოძა. ჰერცოგი მის გამოყენებას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. მოტყუებულმა ჰერცოგმა ალქიმიკოსი კოცონზე დაწვა.
მსგავსი შემთხვევები ისტორიაში მრავლადაა. დღევანდელი ტერმინოლოგიით, ალქიმიკოსები უბრალო თაღლითები იყვნენ, რომლებიც მმართველი კლასის სიხარბის ხარჯზე გამდიდრებას ცდილობდნენ.
გარკვეულწილად, ალქიმიკოსების კვლევები მთლად უშედეგო არ ყოფილა. მათმა შრომამ მედიცინის, ქიმიის, მეტალურგიის და სხვა მეცნიერებების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
ალქიმიკოსების საქმე დღესაც გრძელდება. თუმცა ამ სფეროში მხოლოდ დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები მოღვაწეობენ. 1924 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, იაპონელმა ფიზიკოსმა და ტოკიოს საიმპერატორო უნივერსისტეტის პროფესორმა ჰანტარო ნაგაოკამ ვერცხლისწყლისგან პლატინისა და ოქროს მიღების მეთოდი აღწერა. 1941 წელს აშშ-ში ძვირფასი მეტალი, ვერცხლისწყლის იზოტოპის ნეიტრონებით დაბომბვის შედეგად მიიღეს. თუმცა მიღებული ოქრო რადიაქტიული აღმოჩნდა. 1980 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა და ატომური ფიზიკის სპეციალისტმა ლოურენსის ეროვნული ლაბორატორიიდან, გლენ სიბორგმა ბისმუტის რამდენიმე ათასი ატომი ოქროდ აქცია.
გარკვეული წარმატების მიუხედავად, ხელოვნური გზით ოქროს მიღება ძალიან დიდ ფუფუნებად რჩება.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ