გამოუსწორებელი ოპტიმისტი ძალიან ცვალებადი ხასიათით, შეიძლება ითქვას, უშიშარი და საკმაოდ ძლიერი – ასეთია ანი გიუნტერის ხასიათის ძირითადი შტრიხები. ცხოვრებისეულ სირთულეებზე, მათი გადალახვით მიყენებულ ტკივილსა თუ ტკბობაზე ''რუსთავი 2''-ის დილის გადაცემის წამყვანს ვესაუბრეთ.
- არ მივეკუთვნები იმ ქალებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალი მამაკაცზე ძლიერი უნდა იყოს, უბრალოდ, ხანდახან მგონია, ქალების გაძლიერების ფონზე მამაკაცებს ძალიან მოსწონთ სუსტის როლში ყოფნა. სიამოვნებით დავსუსტდებოდი და ვიქნებოდი ჩემზე ბევრად ძლიერი მამაკაცის გვერდით.
- შენთვის რა წარმოადგენს სირთულეს?
- ახალი ეტაპის წარმატებით გადალახვა, დაბრკოლების დაძლევა. წარმატების ნებისმიერ გზაზე გხვდება სირთულეები, რაც უფრო საინტერესოდ გადალახავ, რაც უფრო მეტ ახალს გაიგებ, შეიძენ გამოცდილებას, მით უფრო სასიამოვნოა იმ წარმატების დაგემოვნება. ზოგადად, სირთულეებს კიდევ უფრო მეტად არ ვართულებ, მარტივად ვუყურებ.
- ზემოთ თქვი, სიამოვნებით ვიქნებოდი სუსტიო.
- ჰო, მაგრამ არ გამომდის. სისუსტე მიმტყუნებს და ბოლომდე ძლიერი გამოვდგები ხოლმე. როცა გაქვს უამრავი საქმე, სამსახურიდან სამსახურში ინაცვლებ და მუდმივად დაკავებული ხარ, ფიზიკურად არ გრჩება დრო იმისთვის, რომ სუსტი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა დეპრესიაზე. ხანდახან გინდა განიტვირთო, ცოტა იტირო და ა.შ. მაგრამ როცა გყავს შვილები, რომლებსაც ყოველწუთიერად სჭირდებათ შენი ყურადღება, ზღაპრის მოყოლა, ამასთანავე, გაქვს 500 იმეილი ერთად გასაგზავნი, ვეღარ აძლევ საკუთარ თავს უფლებას, იყო დეპრესიული და სუსტი. საერთოდ, ყველაზე დიდი სირთულე უდროობა და გრაფიკია.
- პირადი პრობლემა უფრო რთულად გადასალახია შენთვის თუ სამსახურებრივი?
- პირადი. თუ პირადი ღირებულია, რაც გულისხმობს მეგობრებს, ოჯახს, ძალიან განვიცდი. ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები, შენ ბევრი რამ შეძელი, ბოლოს და ბოლოს გერმანელი ხარ, როგორ შეიძლება, ასე მიიტანო გულთან რამე-მეთქი. მაგრამ, ესაა ის სფერო, სადაც ნამდვილად გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი და განვიცდი, ოღონდ არ ვფიქრობ, რომ სისუსტეა, როცა შენს პირადს განიცდი.
- ამბობენ, ცრემლები სისუსტის ნიშანიაო, თუმცა სხვისთვის ცრემლის დანახვებაც გარკვეული ძალაა...
- არ მიმაჩნია, რომ ცრემლები სი-სუსტის გამოვლენაა, ეს უფრო ემოციაა, უბრალოდ, სასურველია, ამან სხვა არ შეაწუხოს. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა ტირილი მანიპულირების ან შანტაჟის იარაღი ხდება, ბავშვების ან ზოგიერთი ქალის შემთხვევაშიც. მე ეს არ შემიძლია, ამბობენ, საკმაოდ ძლიერი იარაღიაო, თუმცა მე არ გამომიცდია.
- ქალის მიუწვდომლობის თემაზე რას ფიქრობ?
- (იცინის) როცა ქუსლზე ვდგავარ, მაშინ განსაკუთრებულად მიუწვდომელი ვარ. ისე, ამაზე გულწრფელად მეცინება და კიდევ იმაზე, რომ ამბობენ, შენთვის საიდუმლო უნდა დაიტოვო, ბოლომდე არ უნდა გაიხსნაო. ისედაც ხშირად მეუბნებიან, რომ საკმაოდ რთულად გასაგები, ცვალებადი ხასიათი მაქვს, კიდევ რომ გავართულო, საერთოდ დავიბნევი მეც და სხვებსაც დავაბნევ, ამიტომ არ მჭირდება ზედმეტად რაღაცების მოგონება, ისედაც ბევრი რამ გაუგებარი დარჩება. გამორიცხულია, ბოლომდე გულწრფელი იყო და ყველამ შენი ყველაფერი იცოდეს. თუ იცი, რომ შენში მაინც რჩება ის, რაც შენია, არ უნდა გეშინოდეს გულწრფელობის, ყოველ შემთხვევაში ყველა ურთიერთობაში დამღუპველია თამაში და რაღაცების, თუნდაც იმ მიუწვდომლობის მოგონება. ბავშვობის შემდეგ არასდროს მიფიქრია, ესემესს ვუპასუხო ახლავე, ოცი წუთის შემდეგ თუ ორი საათით გვიან, თუ არ ვპასუხობ, უბრალოდ, არ მცალია. მომგებიანია თუ წამგებიანი არ ვიცი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასეა.
- ხასიათის ცვალებადობაში რა იგულისხმება?
- მარტივად შეიძლება დავდგე კარგ ხასიათზე, გამყიდველმა რომ გამიღიმოს, მძღოლმა ჩამირთოს კარგი მუსიკა, ვიღაცამ მითხრას კომპლიმენტი, კარგ ხასიათზე ვდგები.
იხილეთ გაგრძელება