"ჟვანიას მკვლელობისთვის ყველაზე დაცული ადგილი სააკაშვილის მანქანა იყო" - რატომ გააქრეს სამოსი, რომელიც გარდაცვლილს ეცვა?

 "ჟვანიას მკვლელობისთვის ყველაზე დაცული ადგილი სააკაშვილის მანქანა იყო" - რატომ გააქრეს სამოსი, რომელიც გარდაცვლილს ეცვა?

"ასავალ-დასავალთან" საუბრისას ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრობს. ვახტანგ კომახიძე, რომელიც ავტორია ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმის - "ტყვიის გარეშე", ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ "ჟვანიას მკვლელობისათვის ყველაზე დაცული და უსაფრთხო ადგილი შეიძლებოდა, სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ავტომანქანა ყოფილიყო". გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

***

- ვახო, რა იცით, იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელიც სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს შეემთხვა?

- ამ ავტოავარიის შესახებ ინფორმაცია ჩემი და გიორგი ბარამიძის საერთო მეგობრის მეშვეობით მივიღე. დიახ, რამდენჯერმე ვცადე ბარამიძეს უშუალოდ დავლაპარაკებოდი, მაგრამ მან უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე. ამის შემდეგ ბარამიძეს შეხვდა ჩემი მეგობარი და მისი ნალაპარაკევი გადმომცა.

- და რაო, რა შემოგითვალათ ბარამიძემ?

- როცა სააკაშვილმა შეიტყო ჟვანიას გარდაცვალების ამბავი, სასწრაფოდ წამოვიდა მანქანით შემთხვევის ადგილისკენ, მაგრამ გზად ავარია მოუვიდა - ბოძს შეეჯახა.

- თუ არ ვცდები, ბარამიძეს მერაბიშვილმა დაურეკა და უთხრა, მიშა ავარიაში მოჰყვა, კანცელარიაშია და იქ მიდიო. ბარამიძემ, რომელიც ამ დროს საბურთალოს ქუჩაზე მიდიოდა, სადაც ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები ეგულებოდა, მარშრუტი შეცვალა და სააკაშვილთან წავიდა.

საერთო მეგობრისაგან, რომელიც ჩემსა და ბარამიძეს შორის შუამავალი იყო, ასეთი ფრაზაც მახსოვს - ბარამიძემ თქვა, რომ მივედი, მიშას ნაავარიევის არაფერი ეტყობოდაო!

- კონკრეტულად რა ადგილას მოუვიდა სააკაშვილს ავარია?

- ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილს ავარია შეემთხვა მაჩაბლის ქუჩაზე. უფრო კონკრეტულად, "თავისუფლების მოედნიდან" მაჩაბლის ქუჩაზე რომ აუხვევ, მარცხენა მხარეს, მეორე თუ მესამე ბოძზე მოხდა მანქანით შეჯახება. მე თავის დროზე დავათვალიერე ეს ადგილი და ბოძს დაზიანების კვალი მართლაც ეტყობოდა.

- სააკაშვილი თვითონ იჯდა საჭესთან?

- დიახ, მაშინ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ საჭესთან პირადად სააკაშვილი იჯდა!

არსებობს ასეთი ვერსია: თუ კი ჟვანია მოკლეს და ამ მკვლელობის დაკვეთა ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მოდიოდა, მაშინ სააკაშვილი ყველანაირად იზრუნებდა, რომ ჟვანიას მკვლელობის კვალი მასთან არ მისულიყო! მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის ყველაზე დაცული და უსაფრთხო ადგილი, შეიძლებოდა, სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ავტომანქანა ყოფილიყო!

- ეს ვერსია თავის დროზე ირინა სარიშვილმა გაახმიანა და განაცხადა, რომ ჟვანია სააკაშვილის ესკორტის მანქანაში მოკლეს!

- ირინა სარიშვილთან მე მქონდა ლაპარაკი ამ თემაზე და მან სწორედ ჩემთან საუბრის შემდეგ გააკეთა ეს განცხადება. არ ვიცი, ჩემს ნალაპარაკევს დაეყრდნო თუ რამე სხვა წყარო ჰქონდა!

სააკაშვილი შინაგანად, შესაძლოა, ორღობის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ფორმალურად ქვეყნის პრეზიდენტად ითვლებოდა და წარმოუდგენელია, რომ იგი შუაღამისას თავად მოახტა მანქანას, დაცვამ ვერ გააკავა, მარტო წამოვიდა და ავარიაში მოჰყვა. ეს ცოტა არ იყოს, ზღაპარს ჰგავს! დაცვა ამის უფლებას არ მისცემდა პრეზიდენტს! დიახ, დაცვამ ასეთი რამ რომ გააკეთოს, ე.ი. ციხეში წასვლაზე უნდა მოაწეროს ხელი!

- თუ სააკაშვილი მართლა ავარიაში მოჰყვა, ამაზე საქმე არ უნდა აღძრულიყო?

- რა თქმა უნდა, პრეზიდენტს დაცვის წევრების დაუდევრობის გამო ავარია თუ შეემთხვა, ამაზე აუცილებლად საქმე უნდა აღძრულიყო! ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, სააკაშვილმა საკუთარი დაცვის წევრს ხელი დააფარა და ამიტომ არ აღიძრა საქმეო, მაგრამ ეს სისულელეა! ასეთი რამ არ ხდება, სახელმწიფოში ასეთი რამ არ არსებობს!

სად გაქრა სააკაშვილის ნაავარიევი მანქანა? მე ვეძებდი ამ მანქანას, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მომცეს, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო!

გასაჩივრებულიც მქონდა და სასამართლოს ძალით ვითხოვდი, სააკაშვილის ნაავარიევი მანქანის შესახებ ინფორმაცია მოეცათ, მაგრამ ვერაფერს გავხდი! სხვათა შორის, იმ სასამართლოზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არც უარუყვია, რომ სააკაშვილი ავარიაში მოჰყვა, მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა და ინფორმაციას ვერ მოგცემთო!

დღეს სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის და მისი ავტოავარიის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება არანაირ სახელმწიფო საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს. ახლა მაინც ნახონ, რა მოუვიდა იმ მანქანას, რომელიც ავარიაში მოჰყვა?! რა დაემართა მძღოლს, სააკაშვილი იყო ეს თუ სხვა ვინმე?! რატომ არ აღიძრა საქმე?! რატომ არ წავიდა გამოძიება?! რატომ არ ჩაუტარდა ექსპერტიზა ნაავარიევ მანქანას?!

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, პრეზიდენტის მანქანა ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი და დაცული ადგილი იქნებოდა ისეთი მაღალი დონის დანაშაულის ჩასადენად, როგორიც არის პრემიერ-მინისტრის მკვლელობა!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

იბეჭდება არასრული ვერსია.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?