2005 წლის 3 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 9 წლის შემდეგ სამართალდამცავებმა 41 წლის ირმა ნადირაძე რეზო თხილიშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ირმა ნადირაძე დეტალურად ჰყვება, როგორ მოკლა მანქანაში "მაკაროვის" პისტოლეტით რეზო თხილიშვილი, შემდეგ კი მანქანას ბენზინი გადაასხა და ცხედარი შიგ ჩაიფერფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ირმა ნადირაძე 2005 წლიდან სხვადასხვა სახელითა და გვარით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს.
იგი შიდა ქართლის პოლიციამ ხაშურში დააკავა. ეტყობა, სამართალდამცავებს შეეშინდათ, ნადირაძეს ჩვენება არ შეეცვალა და მასთან სასწრაფოდ საპროცესო გარიგება გააფორმეს, სასამართლო პროცესიც ოპერატიულად ჩატარდა. თხილიშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეს განაჩენი ისე გამოუტანეს, რომ მოკლულის ოჯახის წევრებისთვის სასამართლო პროცესის დღეც კი არავის უცნობებია.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირმა ნადირაძეს 9 წელი მიესაჯა, აქედან ის ციხეში მხოლოდ 5 წელს მოიხდის, 4 წელს კი, პირობითი მსჯავრით გაატარებს. კიდევ ერთი დეტალი - 2007 წელს ირმა ნადირაძის ქმარი, პოლიციის მაიორი გიორგი ნადირაძე, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას დანით 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქვს თუ არა ნადირაძეს კავშირი ქმრის მკვლელობასთან და პროკურატურას კი სამხილი, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.
ფრიდონ მაღრაძე, ირმა ნადირაძის ადვოკატი: - ყველაფერი ორ დღეში დასრულდა. აღიარებითი ჩვენება მისცა. საპროცესო გარიგება გაუფორმეს. დადგენილია, რომ ირმა ნადირაძემ საყვარელი რეზო თხილიშვილი ქმრის პისტოლეტით მოკლა. ამ დროს, როგორც ამბობს, რეზოს გარდა კიდევ ერთი საყვარელი ჰყავდა, ექიმი. ირმას უნდოდა, ქმარს გასცილებოდა და იმ ექიმს გაჰყოლოდა, მაგრამ ამბობს, რომ რეზოს ვერ იშორებდა, ამიტომ ჩაუჯდა მანქანაში, უკაცრიელ ადგილას მიიყვანა და თავში ესროლა, მერე ბენზინი გადაასხა მანქანას და დაწვა.
ირმა შინ რომ დაბრუნდა, ქმარს პოლიციაში საჩივარი უკვე შეტანილი ჰქონდა იარაღის დაკარგვაზე. ცოლმა იარაღი უკან მიიტანა (მას ერთი ტყვია აკლდა) და ქმარს უთხრა, კაცი მოვკალიო. მაშინ რატომღაც არავინ დასჯილა, თუმცა, საქმეში არის გიორგი ნადირაძის ჩვენება, სადაც ამბობს, რომ ცოლმა წაიღო იარაღი. კარგა ხნის მერე გიორგი ნადირაძეც მოკლეს.
ირმას ნამდვილი გვარი კობლიაშვილია, ის ქმრის სიკვდილის მერე გახდა ნადირაძე. მას კიდევ სხვა სახელითა და გვარით ჰქონდა პასპორტი. პირველად რომ შევხვდი, მითხრა, მეუღლე, შვილები და შვილიშვილები მყავსო. როცა მისი დაცვა დავასრულე, ვუთხარი, შენი ოჯახის წევრების სატელეფონო ნომრები და მისამართი მომეცი-მეთქი. ჰონორარი ხომ უნდა მიმეღო. ეს ჩემი მეუღლის ტელეფონიაო და ნომერი და მისამართიც დამიწერა. არც ეს ნომერი აღმოჩნდა სწორი და არც მისამართი, როცა ხელმეორედ შევხვდი, ვუთხარი, რატომ მომატყუე-მეთქი. მითხრა, არ მინდა ჩემმა ოჯახმა გაიგოს, რომ დამიჭირესო. ასე გამაცურა. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან დანაშაული ადრე ჩადენილია, მუხლი ამნისტირებულია, ამიტომ მოაკლდა ერთი მეოთხედი და 9 წელი დარჩა.