აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში პოლიციის მიერ დაჭრილი 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. "ბიბისის" ცნობით, პოლიციის ოფიცერმა ბიჭს , რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა, ორჯერ ესროლა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, იარაღი სათამაშო აღმოჩნდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ სათამაშო მოედანზე მყოფებს პატარა ბიჭი იარაღით აშინებდა. პოლიციელის თქმით, ბიჭი პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა, რის გამოც ოფიცერი იძულებული გახდა მისთვის ცეცხლი გაეხსნა. გარდაცვლილი ბიჭი 12 წლის ტამირ რაისი აღმოჩნდა. გასულ წელს კალიფორნიაში პოლიციელმა მოზარდი მოკლა, რადგან მას ხელში სათამაშო ავტომატი ეჭირა.