ამაღამ და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ითოვებს. როგოც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოში ცივი ამინდი კიდევ რამდენიმე დღით, 27 ნოემბრამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში დღეს ღამით და ხვალ დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ღამით ჰაერის ტემპერატურა 0;+5; ხვალ დღისით +1;+4 გრადუსი იქნება, მაღალმთაში დღეს ღამით -3;-8; ხვალ დღისით -5;0 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში დღეს ღამით ჰაერის ტემპერატურა 0;+5; ხვალ დღისით კი +2;+4 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში. ამაღამ დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +4;+9 გრადუსი; დღისით _ 10;15 გრადუსი იქნება, მაღალმთაში კი -7 გრადუსი. უნალექო ამინდი დასავლეთ საქართველოში 26 ნოემბრამდე შენარჩუნდება. 27 ნოემბერს კი წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების განცხადებით, 28 ნოემბრიდან ამინდი შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.