სარკის წმიდა გიორგი სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა

სარკის წმიდა გიორგი სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა

სარკის წმიდა გიორგი სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ. კეთილად მთხოვნელთ მსწრაფლი შეწევნა მიუღიათ.

სარკის (სარყის) წმიდა გიორგის მადლმოსილება ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისაკენ მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის - ვკითხულობთ მორჩილი ლავრენტი თუმანიშვილის მიერ მომზადებულ მასალაში (ლავრენტი სარკის მამათა მონასტრის მორჩილი გახლდათ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული).

ლეგენდის მიხედვით ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის "დედოფლის მინდორი" და "დასასრულად" წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა.

მართლაც, სარყვისას უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, "დასარყულ" მინდორზე წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას სიზმრეულ ჩვენებაში ეუწყა: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედო და ღვთის ნებისათვის მიენდო. სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია.

ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმიდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ. ჟამთა სიავით ათეული წლობით შეფერხებული ღვთისმსახურება მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა და განახლდა სარკის წმიდა გიორგის ეკლესია, მოეწყო და დღესაც მოქმედებს მამათა მონასტერი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია