მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეა და როგორც ამბობენ, ბევრი ჩვენგანი ევროპელობისა თუ ამერიკანიზაციისკენ მიისწრაფვის, ქართველები მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც ვინარჩუნებთ იმ ძირძველ ადათ-წესებს, რომელიც საქართველოს თითოეულ კუთხეში სხვადასხვა სახით იყო წარმოდგენილი. როდესაც ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია, სვანეთს ავუაროთ გვერდი, სვანურ ტრადიციებზე სალაპარაკოდ კი ცხადია, "სვანის" ავტორს - სოსო ჯაჭვლიანს დავუკავშირდით.
- ტრადიცია და ტრადიციულობა სვანეთში და ზოგადად, მთაში მეტად შემორჩა. როცა ფილმში - "სვანი" - ნათესავების ერთმანეთთან ურთიერთობა ავსახე, სადაც გოგონასაც კლავენ და ბიჭსაც, ამ ფაქტმა საზოგადოება გააკვირვა, მსგავსი რამ მიუღებლად მიაჩნდათ, ახლა კი ტელეეკრანიდან ამაზე უარეს, ამაზრზენ ფაქტებს ვისმენთ. ის თეთრი ანგელოზი, რომელიც გამუდმებით თან დაგვყვება, ჩვენთან არ მოვა, თუ წესიერად არ ვიცხოვრებთ. ტრადიცია იმიტომ გვაქვს, რომ ნებისმიერი სხვა ერისგან გამორჩეულები ვიყოთ. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა დაკარგა თავისი სახე. სვანეთში გენდერული თანასწორობა ყოველთვის იდეალურად იყო დაცული. იქ იციან, რომ ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს - ქალი რასაც გააკეთებს, ის კაცისთვის სამარცხვინოა და პირიქით. თუ ადამიანთა შორის ჰარმონია არ იქნა, მაშინ იწყება კონფლიქტი. ჰოდა, ამიტომაც მოიგონა ადამიანმა თავისი ადათ-წესი.