"დღეს მართლმადიდებელმა, პროტესტანტმა და კათოლიკე ლგბტ აქტივისტებმა ყველასთვის ვილოცეთ, ვისაც დედამიწაზე სდევნიან", - წერს ლგბტ პირების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე.
20 ნოემბერს იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე მოქალაქეების ნაწილმა დაღუპული ტრანსგენდერების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ განსაკუთრებულად საბი ბერიანი გაიხსენეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, მალხაზ სონღულაშვილს, რომელმაც ამ დღესთან დაკავშირებით პანაშვიდი გადაიხადა.
"ეკლესიაში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. დღეს მართლმადიდებელმა, პროტესტანტმა და კათოლიკე ლგბტ აქტივისტებმა საბის და ყველა იმ ადამიანისთვის ვილოცეთ, ვისაც დედამიწაზე სდევნიან. მეუფე მალხაზ სონღულაშვილმა გადაუხადა საბის და ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალსა და კაცს, ბავშვსა და მოხუცს პანაშვიდი.
მან ბოდიში მოგვიხადა ქრისტიანების სახელით იმ ტკივილისთვის, რაც ყოველდღე გვადგება იმის გამო, რომ ღმერთის მრავალფეროვან საჩუქარს ყველა ჯერ კიდევ ვერ აფასებს და სიძულვილი უბნელებს გულსა და სულს.
საოცრად თბილი და მშვიდია ეს ადამიანი. მადლობა, რომ მართლა სწამს იმისა, რასაც ქადაგებს", - წერს ვაჭარაძე.
შეგახსენებთ, შარშან მალხაზ სონღულაშვილმა ცხრამეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის პოსტი დატოვა. ღია წერილში მალხაზ სონღულაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით მასა და ეკლესიის მსახურთა შორის განსხვავებული დამოკიდებულება დაასახელა. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ყოფილი მთავარეპისკოპოსი, თანამოაზრეების მცირე ნაწილთან ერთად, ჰომოსექსუალურ კავშირს ცოდვად არ მიიჩნევს. საპირისპირო აზრს იზიარებს ეკლესიის მსახურთა უმრავლესობა, თუმცა ყველა თანხმდება საერთო აზრზე, რომ ძალადობა მიუღებელია და ეკლესიის კარი ყველასთვის თანაბრად უნდა გაიღოს.
"ნეტგაზეთის" ფოტოები