ცნობილი ქართველი ამერიკელები

ცნობილი ქართველი ამერიკელები

პირველი ქართველი ამერიკელების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან 20-ე საუკუნის დასაწყისში მიგრაციის ძირითადი ტალღის დროს, ქართველები რუსებად მიიჩნეოდნენ. როგორც ცნობილია, ამერიკაში პირველად 12 ქართველი მხედარი ჩავიდა, რომლებიც ბუფალო ბილი კოდიმ, საკუთარი წარმოდგენებისთვის, სახელად "ველური დასავლეთი" დაიქირავა, სადაც იგი ინდიელებისა და კოვბოების ყოფაცხოვრების სურათებს აცოცხლებდა. ქართველი მხედრები ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ მექსიკელ, არგენტინელ, ფრანგ, ინგლისელ და ამერიკელ მხედრებს. პრინც ივან როსტომოვ მარჩერაძის თაოსნობით, ქართველები აუდიტორიას საკუთარი ენერგიით, სტილითა და ცხენის დამორჩილების ტექნიკით ატყვევებდნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველების რიცხვი, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1921 წელს საბჭოთა რეპრესიების შიშით ასობით ქართულ ოჯახს მოუწია ქვეყნის საზღვრების დატოვება. დაახლოებით 200 ქართველი ლტოლვილი, მათ შორის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, არისტოკრატები და ოფიცრები საცხოვრებლად ამერიკაში ჩავიდნენ. ამერიკაში ქართული სათვისტომოს სიმცირის მიუხედავად, ქართველმა ამერიკელებმა მაინც შეძლეს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

ჯერ კიდევ 1924 წელს, ქართული ორგანიზაციები სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში დაფუძნდა. ეს ორგანიზაციები ძირითადად კულტურულ ღონისძიებებს ატარებდნენ და დახმარებას უწევდნენ სხვა ემიგრანტებს. 1955-1975 წლებში საკმაოდ პოპულარული იყო ქართული გაზეთი ”ქართული აზრი”, რომელიც ძირითადად ქართველი ამერიკელების შემოწირულობების ხარჯზე არსებობდა. ამერიკის შეერთბულ შტატებში მოღვაწე პირველი ქართველების რიგებში არიან:

ალექსანდრე ქართველი - ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.

ჯონ შალიკაშვილი - ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი. 1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ. შალიკაშვილი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც იგი მოღვაწეობდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში. 2004 წელს ჯონ მალხაზ შალიკაშვილი მრჩევლი იყო ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში.

ჯორჯ ბალანჩინი - ამერიკელი ბალეტმეისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად.

პრინცი ჯორჯ მაჩაბელი - შექსპირის მთარგმნელის, ივანე მაჩაბელის უფროსი ძმის ვასილის ვაჟი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი, "სუნამოების პრინცად" წოდებული. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" და როგორც საქმოსანმა, სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წელს დააარსა პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli", რომელიც 1920-1930-იან წლებში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა, გახლდათ "საქართველოს დედოფალი", მას მოჰყვა "პრინცესა ნორინა", "დიუშეს ოფ იორკ", "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა.

მიხეილ გრიგორაშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა 1926 წელს მიიღო. იგი მუშაობდა როდ-აილენდის საავიაციო ქარხანაში. 1921 წელს ახალგაზრდა ქართველი ავია კონსტუქტორი დიზაინერად მიიწვია დეითონ-რაითის კომპანიამ, ხოლო 1923 წელს - კერტის-რაითმა. 1934 წელს მიხეილ გრიგორმა დააარსა თავისი ფირმა - Gregor Aircraft-ი და გამოუშვა ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი GR-1. ორი წლის შემდეგ მიხეილ გრიგორმა Canadian Car and Foundry-სთვის შექმნა ბიპლანი გამანადგურებელი FDB-1. მოწინავე ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინის მიუხედავად, თვითმფრინავს მყიდველი არ გამოუჩნდა, ხოლო ერთადერთი პროტოტიპი ხანძრის დროს დაიწვა 1945 წელს. ორმოციან წლებში მიხეილ გრიგორი წამყვან დიზაინერად მუშაობდა კომპანია Chase Aircraft-ში.

მედეა სარიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს