საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ონლაინ-კაზინო "აჭარაბეთის" შესაძლო დაჯარიმებას ეხმაურება.
"აბა სანამდე უნდა გაგძელდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსება "მდიდრების" ხარჯზე .... იმასაც ვეთანხმები, რომ კაზინოები გატანილ იყოს ქალაქიდან ... მახსოვს ადრინდელი (ზურა ჟვანიას დროინდელი) კანონი, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ბათუმს და წყალტუბოს როგორც "საკაზინო" ქალაქებს .... ანუ მოშორებული დედაქალაქიდან და მასში მაცხოვრებელ გაჭირვებულ ადამიანებისგან, ვინც კაზინოში ეძებენ - და ვერასოდეს პოულობენ - ბედის გამოსწორების საშუალებას.... რატომ არ შეიძლება ის კანონი ხელახლა ამოქმედდეს ..... ამ დროს ვინც საქმეს აკეთებეს იმას საქმის გაკეთების სურვილი რატომ უნდა ჩაუკლა ...", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ონლაინ-კაზინო "აჭარაბეთში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ შევიდა. გამოძიება 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს.
ჯერ დაუზუსტებელია, რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს "აჭარაბეთს", თუმცა საგამოძიებო სამსახური "აჭარაბეთის" შენობის მეპატრონე თემურ უგულავას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავება. ამის გამო უგულავა შესაძლოა, 80 მილიონი ლარით დააჯარიმონ.