ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას სამძიმარს ღებულობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩაჩუა და სააკაშვილი მას აქამდე უნდა დალაპარაკებოდნენ.
ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ საქალაქო სასამართლოში ლევან ჩაჩუას საქმის განხილვისას დაზარალებულის სტატუსით დაკითხვისას აღნიშნა. მასსა და ლევან ჩაჩუას შორის დიალოგი შედგა, რომლის დროსაც ზურაბ ჟვანიას მეუღლემ დაკავებულ ექპსერტს რამდენჯერმე უსაყვედურა. ლევან ჩაჩუამ მას მიუსამძიმრა.
"10 წელი გადის, ამ ხნის მერე შეიძლება ჩემი სამძიმარი დაგვიანებულად ჩაითვალოს, თუმცა პირველად ახლა გხვდებით და გულწრფელად გისამძიმრებთ, ეს არ იყო მხოლოდ ქვეყნის დანაკლისი, ეს ერის დანაკლისი იყო. მესმის თქვენი მდგომარეობა და ის ტკივილი", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
მას საუბარი გააწყვეტინა ნინო ქადაგიძემ და მიმართა, რომ ექსპერტს სამძიმარი დაუგვიანდა.
"სამძიმარი დაგიგვიანდათ. შეიძლება გეშინოდათ ჩემთან ურთიერთობის", - მიმართა ჩაჩუას ნინო ქადაგიძემ.
ლევან ჩაჩუამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ბიურომ რამდენჯერმე დაგეგმა ჟვანიას ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თუმცა შეხვედრები არ შედგა.
"30 წელი ვიმუშავე ამ სფეროში. უამრავ ადამიანთან მქონია ურთიერთობა", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ, თუმცა მას საუბარი კვლავ შეაწყვეტინა ნინო ქადაგიძემ და მიმართა, რომ მისი სამძიმარი მიიღო.
ამის შემდეგ ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილის მეუღლეს შესთავაზა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს მასსა და ზურაბ ჟვანიას დედასაც და დაელაპარაკოს, რაზეც ნინო ქადაგიძემ მიმართა, რომ ეს მასაც და მიხეილ სააკაშვილსაც, თუ სურვილი ჰქონდათ, ადრე უნდა გაეკეთებინათ.
"ნუ გამაიგივებთ მიხეილ სააკაშვილთან", - მიმართა ქადაგიძეს ლევან ჩაჩუამ, რის შემდეგაც ბრალდებულმა რამდენიმე შეკითხვა დასვა ზურაბ ჟვანიას მეუღლის მიმართ.
ჩაჩუა და მისი ადვოკატები დაინტერესდნენ ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა და ჰქონდა თუ არა მის მეუღლეს ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე ჟვანიამ სრული გამოკვლევა ჩაიტარა. ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანია მსგავს გამოკვლევებს პერიოდულად იტარებდა და თავს უვლიდა. რაც შეეხება ჩივილებს, ქადაგიძის თქმით, მისი მეუღლე ენერგიული ადამიანი იყო და სისუსტეს არ გრძნობდა.
"ასეთი ენერგიის ადამიანი არ მახსოვს, 9 საათზე დგებოდა და 2-3 საათზე შემოდიოდა ენერგიადაცლილი. ერთადერთი ბოლო პერიოდში თავი სტკიოდა და ამაზე გაიკეთა თოდუასთან გამოკვლევა", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ამასთან, ჩაჩუას ადვოკატის საპასუხოდ ორგანიზმში CO-ს შემცველობასთან დაკავშირებით იცნობს თუ არა ექსპერტიზის დასკვნას, გარდაცვლილის მეუღლემ აღნიშნა, რომ იგი იცნობს ამერიკული და ქართული ექსპერტიზების დასკვნას. ქადაგიძის თქმით, ქართული დასკვნა არის სამარცხვინო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკულ დასკვნაში წერია, რომ CO-ს შემცველობა 74-ს შეადგენდა, რაც ნინო ქადაგიძის თქმით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
"თუკი ადამიანი კვდება 66-70-მდე ჩO-ს შემცველობით, 74 არის მაღალი მაჩვენებელი და ეს საეჭვოა", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ამასთან, გარდაცვლილის მეუღლემ კითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა სურვილი ჩაეტარებინა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.
"დამოუკიდებელ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ჩვენ შევხდით პრეზიდენტს და ვთხოვეთ ექსპერტიზა ჩატარებულიყო ისეთი სახელმწიფოების მხრიდან, რომლებთანაც გვქონდა პარტნიორული ურთიერთობა, თუმცა უარი მივიღეთ", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და ადვოკატების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ იგი იცნობს ამერიკული ექსპერტიზის დასკვნასაც.
ამასთან, გარდაცვლილის მეუღლის შეფასებით, საქართველოში არ ჩატარებულა სრული ექსპერტიზა.
"სრული ექსპერტიზა არ გაკეთებულა. მქონდა უფლება ასეთი ექსპერტიზა ყოფილიყო გაკეთებული და იმ შეკითხვებზე ყოფილიყო პასუხები, რომლებიც მრავლად არსებობს", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
რაც შეეხება ლევან ჩაჩუასთან მის ნაცნობობას, გარდაცვლილის მეუღლემ აღნიშნა, რომ ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან შეხება არასდროს არ ჰქონია, თუმცა მასთან ყოველთვის სურდა სუბარი, მაგრამ ამის აზრს ბოლოს ვეღარ ხედავდა.
"მინდოდა მასთან ლაპარაკი. მე ვნახე ფოტოები, ფოტოზე ვნახე სისხლჩაქცევა. მაშინ ადეიშვილს ვკითხე, რას უკავშირდებოდა ეს ჩაქცევა და ვუთხარი, რომ ფოტოზე ვნახე ეს. მან დაავალა, რომ მოეტანათ ფოტოები. ეს ფოტოები მოტანილ ფოტოებს შორის კი აღარ იყო. ყველაფერი დაბლოკილი იყო, ყველა იყო შეშინებული და ინფორმაციას არავინ ახმაურებდა და აზრი ვეღარ ვნახე, რომ მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი ჩაჩუას. ყოველთვის ვცდილობდი, რომ რამე გამეგო, არავინ არაფერს მელაპარაკებოდა, ინფორმაციას არავინ გასცემდა", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.