ონლაინ-კაზინო "აჭარაბეთის" მეპატრონე თემურ უგულავა შესაძლოა, 80 მლნ ლარით დააჯარიმონ. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანია მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.
"ადვოკატად არავის არ ვუდგები, არც არავის სჭირდება ჩემი ადვოკატობა, აზრს გამოვთქვამ მხოლოდ - საქართველოში ცოტაა მსხვილი ბიზნესი, შესაბამისად მსხვილი გადამხდელი ბიუჯეტის სასარგებლოდ, მითუმეტეს ცოტაა, ვინც ისე გემოვნებიანად აკეთებს საქმეს, როგორც თემურ უგულავა, მხოლოდ ყაზბეგის "რუმსი" , ამ ადგილის გაკულტურულება და ტურისტებისთვის პირობების შექმნა რად ღირს, ან თუნდაც თბილისის "რუმსი" და კიდევ ბევრი რამ. ამდენი ხალხი ყავს დასაქმებული ბოლოსდაბოლოს. ამხელა ჯარიმა რატომ უნდა დაადო და რატომ უნდა გააკოტრო? ვერ მესმის. ამის ფუფუნება აქვს საქართველოს, შემოქმედების ენერგია და შენების უნარის მქონე იმდენი გვყავს, რომ ვინც გვყავს ჩავკლათ? გამოუქვითეთ რა და დაავალეთ, მაგალითად,თანხის ნაწილით "სიყვარულის ბაღი" გაგვიკეთოს.... საუკუნეები რომ დარჩება ქალაქს. გადათამაშდეს ეს ჯარიმა ქვეყნის სასარგებლოდ, ნუთუ არ შეიძლება?
თორემ კაზინოები ზოგადად ქალაქიდან რომ გატანილი უნდა იყოს და ცალკე ქალაქად (ალე ჰოპ სითი) გაშენებული, ჩემთვის ეს უკამათოა.
ადამიანურად რომ წყდებოდეს რაღაცეები, სულ ვიღაცის ჩაკვლა დაპუტვაზე რომ არ ვიყოთ, რა მოხდებოდა?
დღიდან დაარსებისა უანგარიშიათ თურმე და განა იმაზე ვკამათობ (ან რა ვიცი და როგორ ვიკამათო), ეკუთვნოდა ეს ჯარიმა თუ არა, სიტუაციიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, გადაუვადონ, იმ ანგარიშში რამე გააკეთებინონ, ანუ ჩემი მოკლე ჭკუით ვფიქრობ, რომ ქმედითი ადამიანის გასრესის ფუფუნება ქვეყანას არა აქვს და ჯობს ყველა ერთმანეთს ხელს უწყობდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯარიმა სულ ჩამოაწერონ. იმედია ნათლად გამოვხატავ აზრს, რას ვგულისხმობ.
"ვინმეს" არ მოეჩვენოს, რომ მეგობარია ჩემი და სულ არ მოკლან. ჟურნალისტებო, დაინდეთ ადამიანები, სამჯერ მყავს 5-5 წუთით ნანახი უგულავა", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ონლაინ-კაზინო "აჭარაბეთში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა "ბპნ.გე"-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს.
ჯერ დაუზუსტებელია, რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს "აჭარაბეთს", თუმცა ამ დროისთვის არსებობს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახური "აჭარაბეთის" შენობის მეპატრონე თემურ უგულავას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავება. ამის გამო უგულავა შესაძლოა, 80 მილიონი ლარით დააჯარიმონ.