იოანე ედიშერაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, ქუჩის ფოტოგრაფიამ გაიტაცა. იღებს ადამიანებს და მათთან ინტერვიუს წერს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სრულიად შემთხვევით მოხვდა, მაგრამ დღეს, ფოტოგრაფიასთან ერთად, მისთვის ჟურნალისტიკა საყვარელ საქმედ იქცა.
- ჩემი ჟურნალისტობა ცოტა კურიოზული ისტორიაა. გამოცდების წინ, საბუთების შეტანისას, თბილისში არ გახლდით. ოჯახის წევრებმა, რომელიც იაფი ღირდა, ის ფაკულტეტი ჩამიწერეს. ასე მოვხვდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. პირველი ორი თვე ძალიან გამიჭირდა, გაქცევა მინდოდა, მაგრამ შემდეგ ისე შევეჩვიე, რომ ახლა ჩემი საყვარელი საქმეა.
- პირველად ფოტოგრაფიასთან როდის გქონდა შეხება?
- ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სხვა რაღაც გამოჩნდება და დაგაინტერესებს, ასე იყო ჩემს ცხოვრებაში ქუჩის ფოტოგრაფიაც. თავიდან ძალიან ქაოსურად ვიღებდი, თითქმის ყველაფერს, რაც მხვდებოდა. არავინ მეხმარებოდა, გადაღებაც არ ვიცოდი და ადამიანს რომ ფოტოს ვუღებდი, მის თავს ზემოთ ნახევარი სივრცე ცარიელი ჩანდა. საბედნიეროდ, ახლა ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი რამ ისწავლო. პროფესიონალობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ფოტოები გამომდის.
- ქუჩაში სიარულისას რა კრიტერიუმით არჩევ გადასაღებ ადამიანებს, ასაკს, სქესს?
- კომუნიკაციის დამყარება მოხუცთან უფრო მარტივია, მაგრამ გადაღებების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ყველასთან უპრობლემოდ მივდიოდი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საკუთარი ფოტოაპარატი არ მაქვს და ძირითადად მეგობრებისთვის მიწევს თხოვნა.
- ალბათ, ყოველდღიურად ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდებოდი. განსაკუთრებულად რომელი გახსენდება?
- ერთი საკმაოდ უცნაური ადამიანი გავიცანი, რომელიც ახლა ბიზნესითაა დაკავებული, პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს, მუსიკალური განათლებაც, უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, მრავალმხრივი ადამიანია და საინტერესოდ მესაუბრა. ამბობდა, რომ არ შეიძლება, მხოლოდ ერთ სფეროში მოსინჯო საკუთარი თავი, რამდენიმე სფერო უნდა სცადო, რომ მიხვდე, სად გრძნობ თავს კარგად.
იხილეთ გაგრძელება