ახალი საქართველო უფრო მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა, - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელმა ჯორჯ სოროსმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ" ღია საზოგადოება საქართველოდან" აცნობეს, ჯორჯ სოროსის ლექცია თბილისის ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტთან დღეს საღამოს გაიმართა.
ლექციის თემა იყო ევროპის მომავალი, მისი შედეგები მსოფლიოსთვის. "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელმა აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინასა და საქართველოზე. ლექციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების შეკითხვები ძირითადად ეხებოდა რუსეთის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
სტუდენტები ფონდების როლით დაინტერესდნენ. შეკითხვაზე - როგორ წარმოუდგენიათ რუსეთი აგრესიის ფონზე, რისი გაკეთება და შეცვლა შეუძლია ფონდს, ჯორჯ სოროსმა უპასუხა, რომ იგი დაეხმარება ახალ უკრაინას, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს ძალიან ჰგავს.
"ვლადიმერ პუტინს დემოკრატიული უკრაინის ეშინია, ამიტომ ცდილობს მის დასუსტებას. მე დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს. ახალი საქართველო უფრო მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა", - განაცხადა ჯორჯ სოროსმა.
სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ - შეიძლება თუ არა, რომ საქართველომ დაიცვას ბალანსი - შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ამავე დროს, დარჩეს ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც ფინანსისტმა უპასუხა, რომ პუტინის ინტერესი უკრაინაში არ გამოხატავს რუსი ხალხის ინტერესს. მისივე თქმით, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ.
"პუტინის პოლიტიკის მიზანია, რომ ახალი უკრაინა დაიქცეს და ძველი უკრაინა გაცოცხლდეს. თუ ახალია უკრაინა გადარჩება, მაშინ 'ახალი რუსეთის' შექმნის პერსპექტივაც ჩანს", - აღნიშნა ჯორჯ სოროსმა.
შეხვედრისას სტუდენტებმა შეკითხვები საქართველოში ფონდის საქმიანობის შესახებაც დასვეს და დაინტერესდნენ, რას ფიქრობს დამფუძნებელი საქართველოში ფონდის მუშაობაზე. "მე გამიჭირდება დეტალური პასუხი იმ შეკითხვებზე, რასაც ფონდი აკეთებს. ისინი თავად წყვეტენ, თუ რაზე უნდა იმუშაონ. მე მიხარია, როცა ვიგებ, რომ ფონდი კარგად მუშაობს. ერთი რამ ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ახლა პოლიტიკური კრიზისი ჩანს თითქოს, ეს მოულოდნელად მოხდა, მანამ, სანამ ჩამოსვლას დავაპირებდი. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ხვალ ალბათ ამაზე უფრო მეტს გეტყვით, რადგან ლიდერებს ვხვდები", - განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა.
ამასთან, როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა კითხვის დასმისას აღნიშნა, ზოგიერთ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ღია საზოგადოების ფონდი დესტაბილიზაციის წყაროა, რადგან ფერად რევოლუციებს შეუწყო ხელი. კითხვის ავტორი ამასთან დაკავშირებით ფინანსისტის მოსაზრებით დაინტერესდა.
"როგორც წესი, რევოლუციები არ ამართლებს და არ არის წარმატებული. არის გამონაკლისები, მაგრამ ეს კარგი გზა არ არის. ღია საზოგადოების შენება გრძელი პროცესია - ეს არის ევოლუციური და არა რევოლუციური პროცესი. მეიდანი უნიკალური შემთხვევაა. ხალხი დაუპირისპირდა ბერკუტის ცეცხლს და ეს წარმატებით გააკეთა, მაგრამ ამის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძალიან მომწიფებულები და განათლებულები არიან და სწორედ ეს ადამიანები არიან ახალი უკრაინის წარმომადგენლები", - განაცხადა ფინანსისტმა.
ფინანსისტი და ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტს შეხვდა. ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს. მათი ინფორმირება ლექციის შესახებ თავად უნივერსიტეტების ფაკულტეტებმა უზრულნველყვეს.
ჯორჯ სოროსი ხვალ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.