უცნაურია, მაგრამ დღევანდელთან შედარებით, 90-იანი წლების ქართული შოუ-ბიზნესი გაცილებით უფრო აქტიური და მრავალფეროვანი იყო. ტარდებოდა სხვადასხვა ტიპის ფესტივალები და ღონისძიებები, აქტიურად იქმნებოდა ახალი კლიპები და ა.შ. ცუდი იყო თუ კარგი, ამას პროფესიონალები შეაფასებენ, ზოგიერთი მათგანი სცენას ჩამოშორდა, ზოგმა კი საზღვარგარეთ განაგრძო საქმიანობა. AMBEBI.GE 90-იანი წლების ქართველი ვარსკვლავების შესახებ გიამბობთ.
ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მომღერალი ქეთი მერკვილაძე, მისი სიმღერა "მშვენიერი ქალი" დღემდე დაუვიწყარი ჰიტია. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სევდიან სიმღერას ასრულებდა მშვენიერ ქალზე, გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. მაშინ, როცა პოპულარობის მწვერვალზე იყო, ქეთი მერკვილაძე საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. მას მაია კვატაშიძემ უჩივლა, რომელიც აცხადებდა, რომ სიმღერა "მშვენიერი ქალი" მის მიერ იყო დაწერილი და ქეთიმ მიისაკუთრა. "ვისაც ვენდობოდი, სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ჩემი სცენიდან ჩამოშორებას, იყო ათასი ჭორი, მითქმა-მოთქმა და, ერთი სიტყვით, ნელ-ნელა და დროებით ჩამოვშორდი ჩემს საყვარელ საქმეს. ახლა მივხვდი, რომ ისეთი მიამიტი აღარ უნდა ვიყო. უფრო ფრთხილი გავხდი ადამიანებთან ურთიერთობაში. აქტიურად ვემზადები, გეგმები დასახული მაქვს და მომავალში აუცილებლად, საკუთარი ბენდით დავდგები სცენაზე", - განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მან 2010 წელს ალბომიც გამოუშვა, სცენაზე დაბრუნებასაც გეგმავდა, მაგრამ დღემდე არსად გამოჩენილა. ამბობენ, რომ საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, სადაც ფოტომოდელობა დაიწყო. ქეთი მერკვილაძე გათხოვდა, მისი რჩეული გიგი გადელიაა.
მომღერალი თამუნა ამონაშვილი ცნობილი "ივერიიდან" გახდა, ცნობილმა მელაკუდამ სოლო-კარიერა 90-იან წლებში დაიწყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ლელა წურწუმიას შემდეგ ერთ-ერთი პირველი მომღერალი იყო, რომელმაც ფილარმონიაში გრანდიოზული შოუ გამართა. ის თავადაც წერდა სიმღერებს და პირველი კლიპი სწორედ მის მიერ შექმნილ სიმღერაზე "მენატრები" გადაიღო. 1996 წელს გამოვიდა თამუნას პირველი სტუდიური ალბომი "მენატრები". მასში 13 სიმღერა შევიდა, მათ შორის - 3 ინგლისურენოვანი. 1999 წელს თამუნა ამონაშვილმა გააფორმა კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდიასთან "გამმა". 2000 წელს კი უკვე გაყიდვაში გამოჩნდა თამუნას პირველი კომპაქტ-დისკი "ფიქრებით შენთან ვარ". აღნიშნული ალბომი შეიძლება საავტოროდ ჩაითვალოს, რადგან ათიდან ცხრა სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ზურაბ მახნიაშვილია. ბოლო ალბომი 2006 წელს გამოუშვა და შემდეგ მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად. თამუნა ახლა მეზობელ ქვეყანაში მეუღლესთან, რეზი არჩვაძესთან ერთად ცხოვრობს. ამბობენ, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ამის შესახებ არცერთი მათგანი არ ლაპარაკობს. გასულ ზაფხულს თამუნა ამონაშვილი სკანდალში გაეხვია, როცა სოჭის ოლიმპიურ ქალაქში კონცერტი ჩაატარა.
აჩიკო მეფარიძე პირველი მომღერალი კაცი იყო ქართულ სცენაზე, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მისი იმიჯით მიიპყრო. მას მუდამ ორიგინალურად ეცვა. შეიძლება ითქვას, გადაპარსული თავი მამაკაცის იმიჯის ნაწილად, საქართველოში სწორედ აჩიკო მეფარიძის გამოჩენის შემდეგ იქცა. ის ყოველთვის ცდილობდა, შოუ დაედგა სცენაზე და ამიტომაც გახდა გამოჩენისთანავე პოპულარული. მისი დუეტი ლელა წურწუმიასთან ერთად წლების მანძილზე სარგებლობდა დიდი რეიტინგით. პროფესიით ექიმი მეფარიძე, სიმღერას მუდამ სერიოზულად ეკიდებოდა. პირველი მომღერალი იყო, ვინც საკუთარი სოლო კონცერტისთვის საზღვარგარეთიდან მოიწვია რეჟისორები. შემდეგ იყო კლიპი "მშვიდობით", რომელიც ამსტერდამში გადაიღო და დღემდე პოპულარულია. ამჯერად აჩიკო მეფარიძე აღარ მღერის და ის პირადი საქმეებით არის დაკავებული. ამბობენ, რომ აქვს ბიზნესი. მას 90-იან წლებშიც ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, კერძოდ ფლობდა სამოსის მაღაზია "პომპონს" აღმაშენებელზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ დახურა.
სოლო მომღერლების კვალდაკვალ 90-იანი წლების შოუ-ბიზნესს ე.წ. ბოი-ბენდები შეემატა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯგუფი "ქუჩის ბიჭები", რომელიც გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული. ბორჯომელმა ბიჭებმა ქართული რეალობისთვის არადამახასიათებელი იმიჯი მოირგეს და იმ ჟანრის სიმღერებით წარსდგნენ მსმენელის წინაშე, რომელიც მაშინ უცხო იყო ქართული ესტრადისთვის და პოპულარობაც მალე მოვიდა. თავდაპირველად მათი პროდუსერი კოკა ყანდიაშვილი გახლდათ, რომელთანაც მოგვიანებით კონფლიქტი მოუვიდათ, რაზეც დეტალურად ჯგუფის ერთ-ერთი წევრი საკუთარ მემუარებში წერს. მათ ჯგუფს არ აკლდა სკანდალები. "ქუჩის ბიჭების" სოლისტი, ზურა ხაჩიძე საკუთარი გარეგნობის გამო ქალებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ხშირად აწყვილებდნენ ამა თუ იმ ცნობილ ქალბატონთან. მოგვიანებით ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე "ქუჩის ბიჭებიდან" წავიდა და ის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრმა პაატა ცეცხლაძემ შეცვალა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ პიკასო დაბრუნდა "ქუჩის ბიჭებში", ჯგუფიც დაბრუნდა სცენაზე, მაგრამ რადგან კონცერტები თითქმის აღარ ტარდება ქვეყანაში, მათ იშვიათად შეხვდებით სცენაზე.
ჯგუფი "სახე", დღემდე შეუცვლელი მუსიკალური კოლექტივია 90-იანი წლების ქართული შოუ-ბიზნესიდან. სამი მამაკაცისგან შექმნილი ჯგუფის კონცერტები ყოველთვის უამრავი მსმენელის მოწონებას იმსახურებდა. დათო ფორჩხიძის მიერ შექმნილი სიმღერები დღემდე აქტუალურია და პოპულარული. შეიძლება ითქვას, 90-იანი წლების შემოქმედებიდან დროს სწორედ "სახის" სიმღერებმა გაუძლო. ამბობენ, რომ "სახის" სიმღერები დიდხანს იყო ნაფიქრი და დალაგებული, სავსე იყო რეჩიტატივებით, ჯგუფის ორი წევრი დათო ხუჯაძე და დათო ფორჩხიძე პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ და ალბათ, ამიტომაც გაუძლო დროს ჯგუფმა "სახემ". დღეს უკვე პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც "სახის" წევრი იყო, ჯგუფი მოულოდნელად დაიშალა. დათო ფორჩხიძეს ჰქონდა 150 000 დოლარად "სახეს" აღდგენის შეთავაზება, მაგრამ უარი განაცხადა. ის ახლა სტუდიურ საქმიანობას ეწევა და სხვისთვის წერს სიმღერებს. დათო ხუჯაძე კი მოსკოვშია წასული და მუსიკალურ წრეებში ძალიან კარგად იცნობენ.
ლელა წურწუმია პირველი ქალი იყო, რომელმაც სცენაზე გაიხადა და საკუთარ სოლოკონცერტზე ბუსტჰალტერით იმღერა. მისმა მუსიკალურმა ნომერმა ხალხზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ზოლებიანი შარვალი და კოსტუმი, რომელიც წურწუმიას სცენაზე ეცვა, უმალ გახდა მოდური და თითქმის ასეთ სამოსს იცვამდა ყველა გოგო. მერე იყო კლიპი სიმღერაზე "სიზმარი", სადაც წურწუმია წითელ პენუარში მღეროდა. ლელა წურწუმია მუდმივად შოუს დგამდა სცენაზე და ყოველთვის გულახდილი იყო ინტერვიუებში. სულ მუშაობდა და მსმენელს ახალ-ახალი სიმღერებით ანებივრებდა. 90-იანი წლების ვარსკვლავებიდან ერთადერთი სწორედ ლელა წურწუმიაა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და თავს საკუთარი საქმით ირჩენს. მისი კონცერტები კი დღემდე ანშლაგით ტარდება.
წლების მანძილზე ქართულ სცენაზე უამრავი მომღერალი გამოჩნდა და გაქრა. ხშირად ისმოდა კრიტიკა, რომ ქართული ესტრადა უხარისხო მომღერლებით იყო სავსე, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ 90-იანი წლების მომღერლებს უფრო მეტი სტიმული ჰქონდათ სიმღერისთვის, ვიდრე ეს დღეს აქვთ. მაშინ მათ შესახებ წერდა პრესა, საუბრობდნენ რადიოში, აჩვენებდნენ ტელევიზიით. დღეს კი, შოუ-ბიზნესი ქვეყნისთვის მეორეხარისხოვანია. არიან ისეთებიც, რომლებმაც 80-90-იან წლებში გარდატეხა მოახდინეს ქართულ მუსიკაში, დღესაც საქართველოში არიან, მაგრამ მათ მსმენელი სცენაზე ვეღარ ხედავს და აღარც მუსიკალური კლიპებით ანებივრებენ საზოგადოებას. ტელესივრცეშიც მხოლოდ ერთი მუსიკალური არხი დარჩა და ისიც მხოლოდ უცხოურ კლიპებს აჩვენებს.
თამარ ბოჭორიშვილი