დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე დაკავებული 21 წლის ბიჭი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხორნაბუჯის და ჰერეთის დაზარალებულმა ეპარქიამ მისი გათავისუფლება და დამნაშავის სულიერი აღზრდისთვის ეკლესიისთვის მიმაგრება ითხოვა. დაკავებულ აკაკი ფოცხვერაშვილს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა, ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
ფოცხვერაშვილის დედის განცხადებით, პრობაციონერის ფსიქიკური პრობლემებით უცნობი პირები სარგებლობენ და აშინებენ. შედეგად, მას ბანკიდან კრედიტი ორჯერ გამოატანინეს. ხელმოკლე ოჯახს თანხის დაფარვის სახსრები არ აქვს, რის გამოც მაია ფოცხვერაშვილი იძულებული გახდა, შვილი მეზობელ რაიონში გაერიდებინა.
სერაფიმეს სახელობის ეკლესიიდან 60 ლარის ქურდობის გამო აკაკი ფოცხვერაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა სიღნაღის სასამართლოს დარბაზიდან ის საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. პრობაციონერი შვიდშვილიანი ოჯახის წევრია. სოციალურად დაუცველ ოჯახს საკუთარი ჭერი არ აქვს, რის გამოც სოფელ სამრეკლოში, სოფლის ყოფილი აბანოს ძველ შენობას აფარებენ თავს.
წყარო: qiziyi.ge