დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...

დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...

"პირველ არხზე" დავით მინაშვილის საავტორო გადაცემაში ("არენა") დატრიალებულ ხმაურიან ამბებზე დღეს ლამის მთელი ქვეყანა ლაპარაკობს.

პირდაპირ უნდა ვთქვათ - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქციელით ყველა სპორტული ჟურნალისტი უზომოდ შეურაცხყოფილია...

11 ნოემბერს "ლელოს" რედაქციაში სტუმრად დავით მინაშვილი მოვიწვიეთ - სპორტული თოქ-შოუ "არენის" წამყვანი, რომელსაც თავისსავე გადაცემაში თემურ ქეცბაიას ბრალდებებზე მოუხდა პასუხის გაცემა...

- ეს ყველაფერი ძალზე მძიმე საყურებელი იყო და იოლი მისახვედრია თავად თქვენი მდგომარეობა პირდაპირი ეთერის დროს...

- ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა თემურ ქეცბაიამ აგრესია გამოავლინა ჟურნალისტების მიმართ. აქ არ იყო აგრესია მხოლოდ ჩემ მიმართ. ეს ყველა ქართველ სპორტულ ჟურნალისტს ეხება. მადლობა მინდა გითხრათ თანადგომისთვის...

- ყველაზე მეტად რამ გააღიზიანა ქეცბაია?

- თავდაპირველად, მან საუბარი მშვიდად დაიწყო. როგორც მოგვიანებით თავად თქვა, ინტერაქტიული გამოკითხვის ფორმატმა გააღიზიანა. იქ ასე იყო კითხვა დასმული - "როგორ აფასებთ თემურ ქეცბაიას მუშაობას საქართველოს ნაკრებში"? მგონი, ამ კითხვაში არაეთიკური არაფერი ყოფილა. ასეთ ინტერაქტივებში, ანალოგიური კითხვით, უმაღლეს სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობასაც აფასებენ...

კიდევ ვიმეორებ და ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ კითხვა აბსოლუტურად ჯდებოდა ეთიკის ფარგლებში. სხვა საქმეა ის, მაგალითად, ასე რომ დაგვესვა - "უნდა გადადგეს თუ არა პოსტიდან თემურ ქეცბაია"?

- რამდენად სწორია ქართული ფეხბურთის დაქცევაში ჟურნალისტების მთავარ დამნაშავედ გამოყვანა მაშინ, როცა თავად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თითქმის არ ესწრება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს?

- მარტო მე ხომ არ ვამბობ ამას? მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. ეს აქსიომაა. ის არაა ინფორმირებული შიდა პროცესებზე, ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე... მაგალითად, არ იცის, რა ხდება ფოთის სტადიონთან დაკავშირებით.

ჩვენ, ჟურნალისტები დავდივართ თამაშებზე, ვაშუქებთ ჩემპიონატს ისე, როგორც შეგვიძლია...

ქეცბაიამ ისიც თქვა, ფიფას რეიტინგში სადღაც მეასე ადგილზე ვართო. მგონია, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომელ ადგილზეა საქართველოს ეროვნული გუნდი რეიტინგში. 117-ე ადგილზე ვართ, ეს ყველამ იცის. ამის ნახვა და გადამოწმება რთული სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, ყველა ყველაფერს ხედავს.

საქართველოს ნაკრები, პრაქტიკულად, არ გადადის შეტევაში, არ ურტყამს კარში... სახელგანთქმულმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა ტელე სანტანამ დაწერა - ფეხბურთი კარში დარტყმის გარეშე დივერსიააო...

არ მესმის, რა მოსწონს გულშემატკივარს ქეცბაიას მუშაობაში?

მე ვარ საქართველოს ნაკრების გიჟი ოპტიმისტი, სულ მჯერა, რომ მოვიგებთ და ყველა რეპორტაჟს ოპტიმისტურად ვიწყებ - აი, ეს არის ჩემი "დანაშაული". აგერ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ხომ თქვა - დათო მინაშვილის ბრალი ყოფილა ყველაფერი...

- ქეცბაიას ერთ-ერთი ბრალდებათაგანი ისიც იყო, რომ ქართველი ჟურნალისტები ცუდად აშუქებენ ქართულ ფეხბურთს...

- პრობლემა არის, ამას ვინ უარყოფს? "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს ტურში ერთი პირდაპირი რეპორტაჟი და რვა მიმოხილვა. პირდაპირ ვიტყვი, ამაში ფედერაციას ფულს არ ვუხდით. ამის მიუხედავად, ეს სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რვა მივლინება, მოძრავი სატელევიზიო სადგურის გადაადგილების ხარჯები...

- ქეცბაიამ ისიც თქვა, ნაკრების გასვლით შეხვედრებს ქართველი ჟურნალისტები არ ესწრებიანო. ეტყობა, მან არ იცის, რომ ეს ჟურნალისტებზე არ არის დამოკიდებული... თუმცა საეჭვოა, მას ეს რეალურად ადარდებდეს...

- მეც ეჭვი მეპარება, გასვლითი თამაშების დროს ქეცბაიამ ჩვენთან ურთიერთობა მოისურვოს. იყო რაღაც პრობლემები და ამიტომ ვერ გაჰყვა ჩვენი ჟურნალისტი საქართველოს ნაკრებს... საერთოდ, ფეხბურთი ვრცლად კერძო ტელევიზიების გასაშუქებელია. ასეა ყველა ქვეყანაში. შორს რომ არ წავიდეთ, ასეა რუსეთშიც, სადაც HTB აშუქებს რუსეთის ჩემპიონატს.

საქართველოში უნდა შეიქმნას ერთი სპორტული არხი, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთ-ერთი ტელევიზიის რესურსზე. მან მხოლოდ ქართულ სპორტში შექმნილი მდგომარეობა და სიახლეები უნდა გააშუქოს. "სილქ TV"-ს დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ქართულ სპორტს სჭირდება გაცილებით მეტი ყურადღება.

დღეს რაც კეთდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხრიდან, ესეც საქმეა ამ ეტაპზე. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ დღეს ფეხბურთში არ გვაქვს წარმატება. სხვა სახეობებში კი ყველაფერი სხვანაირადაა. ავიღოთ რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, ძიუდო... ყურადღება ხომ ყველას სჭირდება?

- ხომ არავის დაურეკავს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციიდან? ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ქეცბაიას ეს განცხადება თითოეული სპორტული ჟურნალისტის შეურაცხყოფაა...

- ლევან სალუქვაძემ დამირეკა და გამამხნევა. არ ვიცი, არის თუ არა ის ამ ასოციაციის წევრი. ძალიან ბევრმა დარეკა... ქუთაისელმა გულშემატკივრებმაც გამომიცხადეს თანადგომა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ჰგონია ქეცბაიას, რომ ის ერთადერთია, ვინც ქართულ ფეხბურთზე ზრუნავს?

- აბა, რა გითხრათ... არ მაქვს ამაზე პასუხი. მაგრამ ფაქტია, მართლაც ასე ჰგონია. ქეცბაია დიდი ფეხბურთელი იყო, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ჯერ დასამტკიცებელი აქვს, რომ დიდი მწვრთნელია. რაც შეეხება მის პიროვნულ მხარეს, თქვენის ნებართვით, ამაზე აღარ ვისაუბრებ...

- საქართველოს ნაკრებში მწვრთნელებად სხვა დიდი ფეხბურთელებიც გვინახავს, ქართველებიც და უცხოელებიც, მაგალითად - ჟირესი. თუმცა ისინი ასე არ მოქცეულან...

- ჟირესი სხვა შემთხვევა იყო...

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქეცბაია ნაკრებში ვერ იტანს პიროვნებებს. ყოველ შემთხვევაში, გუნდს მიზანმიმართულად ჩამოაშორეს ლიდერები...

- ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, ისაა, რომ საქართველოს ნაკრები შიშით თამაშობს - ყველა ფეხბურთელს ეშინია, რომ ბურთი არ დაკარგოს... გახსოვთ, რა ქნა ქეცბაიამ, როცა დავით თარგამაძემ ირლანდიასთან მატჩში დაკარგა ბურთი? ან როცა შოტლანდიასთან, თუ არ ვცდები - ლობჟანიძემ, არაზუსტი პასი გააკეთა?

გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია