საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "პირველ არხზე" დავით მინაშვილის გადაცემა "არენაში" თემურ ქეცბაიას გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ერთი კვირაა არ ვარ საქართველოში, ამიტომ ბ-ნ თემურ ქეცბაიას ინტერვიუს მოსმენა დაგვიანებით მომიწია.
მე პირადად რამდენიმე შეკითხვა დამებადა.
მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება? არა, მართლა გჯერათ?
შეიძლება იქ, სადაც გაცხარებული ბუკმეკერული აღებ-მიცემობა მიდის, სადაც 18-19 წლის ნიჭიერ ბავშვებს საზღვარგარეთ მესამეხარისხოვან კლუბებში ყიდიან, რაც კარიერის დასასრულებელი ტრავმებით მთავრდება, სადაც ფული თუ არა გაქვს, ბავშვს სექციაში ვერ მიიყვან, სადაც მატჩის დროს ცემა-ტყეპა რიგითი მოვლენაა, მაგარი ფეხბურთის თამაში დაიწყოს, წავა თუ არა ქეცბაია?
თუ, დავუშვათ, ნაკრების მწვრთნელი არ იმსახურებს თავის ხელფასს, ვინმეს სჯერა, რომ "ჩვენი" ფეხბურთი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებულ 7 მილიონიან დოტაციას იმსახურებს?
სჭირდება ვინმეს "პროფესიული" საფეხბურთო ლიგა, რომელსაც თითქმის მთლიანად სახელმწიფო (ანუ ჩვენ!) აფინანსებს?
ქეცბაიას (და არა მარტო!) ლანძღვა-გინების შემდეგ, რამდენ წარმატებულ ქართველს მოუნდება სამშობლოში დაბრუნება და აქ მოღვაწეობა?
და ასე შემდეგ...
მაქვს წინადადება: ფული გადავამისამართოთ რაგბში და კალათბურთში, და ვისაც ფეხბურთი უნდა, იყვნენ ცოტა ხნით თავისი ენთუზიაზმის ამარა, გვაჩვენონ, რა შეუძლიათ.
და იქნებ სახელიც გამოგვეცვალა სპორტისთვის, თორემ უხერხულია, ესპანეთშიც ფეხბურთი ერქვას და ჩვენთანაც", - წერს ვაშაძე.
იხილეთ ვიდეო: თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში